თბილისი პრაიდის ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება ჰარვარდის მიერ ქართველოლოგიის პროგრამის გახსნისთვის ირაკლი ღარიბაშვილის მიწვევას.
"პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი ავრცელებდა ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ სიძულვილს, შეეკრა რადიკალურ ძალებს და საქართველოში ლგბტ პირებისთვის გაუსაძლისი გარემო შექმნა. გთხოვთ, გადაიფიქრეთ მოწვევა", – დაწერა გიორგი თაბაგარმა Twitter-ზე.
ასევე, თაბაგარი წერს: "ღონისძიების მასშტაბების მიუხედავად, სამარცხვინოა, რომ პლატფორმა ეძლევა ლიდერს, რომელსაც ძალიან რეგრესული პოზიცია უჭირავს ადამიანის ძირითად უფლებებზე, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიაზე".
ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრი ქართველოლოგიის პროგრამას იწყებს. პირველ ლექციას 2022 წლის თებერვალში პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი წაიკითხავს, როგორც ეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამის საინაუგურაციო ღონისძიების შემდეგ თქვა.
"დღეს ჩვენ ჭეშმარიტად ისტორიულ მოვლენას დავესწარით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრი ქართველოლოგიის პროგრამის განხორციელებას დაიწყებს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ფაქტის ისტორიულობა ასევე მდგომარეობს იმაში, რომ ეს ამერიკის ისტორიაშიც პირველად ხდება. პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ, რომ სიღრმისეულად გაეცნონ საქართველოს ისტორიას, კულტურას, ლიტერატურას, პოლიტიკას. მინდა ასევე ხაზი გავუსვა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, რომელიც ამ პროგრამის ეგიდით წარიმართება. პროგრამა ფუნქციონირებას 2022 წლის თებერვალში დაიწყებს და პირველი ლექციით გაიხსნება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს", – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
"მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად. თუ რატომ, ამას განვმარტავ, დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცვას. მოგეხსენებათ, რომ მოსახლეობის უმრავლესობისთვის აღნიშნული აქციის ჩატარება არის მიუღებელი. შესაბამისად, აღნიშნული აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე", – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივლისს.