ანტიდასავლური განწყობები

MDF: ბოლო 5 წელში ანტიდასავლური გზავნილების რაოდენობა თითქმის გასამმაგდა

მედიის განვითარების ფონდი

მედიის განვითარების ფონდის (MDF) ინფორმაციით, მედია მონიტორინგის შედეგად დაადგინეს, რომ 2020 წელს, 2019-ის მსგავსად, ანტიდასავლური გზავნილების რაოდენობა იზრდებოდა. MDF-ის ინფორმაციით, ბოლო 5 წელში საქართველოში ანტიდასავლური გზავნილების რაოდენობა თითქმის გასამმაგდა - 2016 წელს ორგანიზაციამ სულ 1 258 ასეთი გზავნილი განიხილა, 2020 წელს კი - 3 545. 

"ბოლო სამი წლის მსგავსად, ანტიამერიკული გზავნილები 2020 წელსაც დომინირებდა (1102) და 2019 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია (2019 წელი: 617). მზარდი ტენდენცია ნაწილობრივ ამერიკაში მიმდინარე შიდა პროცესებს და არჩევნებში ტრამპის დამარცხებას უკავშირდებოდა, ასევე საქართველოში მიმდინარე არჩევნების კონტექსტში ამერიკული კვლევითი ორგანიზაციების (NDI-IRI) წინააღმდეგ კრემლისტური პარტია პატრიოტთა ალიანსის მიერ ინიცირებულ დისკრედიტაციის კამპანიას". - წერია კვლევაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2019 წელთან შედარებით, ასევე თითქმის გაორმაგებულია დასავლეთის წინააღმდეგ გაკეთებული შეფასებებიც - 2019 წელი ასეთი 467 შეფასება იყო, 2020 წელს კი - 978. 

ანგარიში 2020 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. მედიის განვითარების ფონდი აკვირდებოდა მედიას, პოლიტიკოსებს, სასულიერო პირებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების ცალკეულ წარმომადგენლებს.  

MDF-ის ცნობით, ანტიდასავლური გზავნილების მთავარი წყარო, წინა წლების მსგავსად, მედია (1943) იყო, 1943 ასეთი გზავნილით. ორგანიზაციამ პარტიებისა და პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული 634 ანტიდასავლური გზავნილი განიხილა, 566 - საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლების, 321 - საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ხოლო 81 – სასულიერო პირების. 

კვლევის მიხედვით, მედიიდან ყველაზე მეტი ანტიდასავლური გზავნილი ობიექტივის ეთერში გვხვდება, პარტიებიდან ასეთ იდეებს, ძირითადად, პატრიოტთა ალიანსი ავრცელებს, ორგანიზაციებიდან - ევრაზიის ინსტიტუტი, სასულიერო პირებიდან კი - მამა გიორგი რაზმაძე და ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი. 

სხვა გზავნილებთან ერთად, MDF კვლევაში განიხილავს:

ამერიკის საწინააღმდეგო გზავნილებს: ორგანიზაციის ინფორმაციით, ამერიკაზე გზავნილების მატება ნაწილობრივ ამერიკაში მიმდინარე შიდა პროცესებს და არჩევნებში ტრამპის დამარცხებას უკავშირდებოდა, ასევე საქართველოში მიმდინარე არჩევნების კონტექსტში ამერიკული კვლევითი ორგანიზაციების (NDI-IRI) წინააღმდეგ კრემლისტური პარტია პატრიოტთა ალიანსის მიერ ინიცირებულ დისკრედიტაციის კამპანიას. ამერიკის შიდა პროცესებთან დაკავშირებით გამოიკვეთა 3 ახალი გზავნილი - "ამერიკა გაყოფილია, არჩევნები გაყალბდა, ამერიკას არ აქვს მორალური უფლება სხვას ჭკუა ასწავლოს. ასევე, "ამერიკაში სისტემური რასიზმია" და "ამერიკა კორუმპირებულია". 

ნატოს წინააღმდეგ გზავნილებს: MDF-ის კვლევის მიხედვით, ამერიკისგან განსხვავებით, ნატოს წინააღმდეგ გაკეთებული კომენტარები თითქმის განახევრებულია, რაც, მათივე ცნობით, ინტეგრაციის მიმართულებით ინიციატივების არარსებობას უკავშირდებოდა. ნატოსთან მიმართებით ორი ახალი ნარატივი გამოიკვეთა -  "პანდემიის გამო ნატო უფუნქციოა, ნატო ინფიცირების საფრთხეა" და "ყარაბაღის კონფლიქტი ნატოს უსაფრთხოებას ცვლის". 

ევროკავშირის წინააღმდეგ გზავნილებს: მედიის განვითარების ფონდის ცნობით, ახალი გზავნილები ევროკავშირთან მიმართებითაც კორონავირუსის პანდემიას უკავშირდებოდა, რა დროსაც მკვიდრდებოდა აზრი, რომ პანდემია ევროკავშირის ერთიანობას საფრთხეს უქმნიდა, რადგან ევროკავშირმა წევრი ქვეყნების მიმართ სოლიდარობა ვერ გამოიჩინა და მათ დახმარება ვერ გაუწია. ამასთანავე, კველვის მიხედვით, 2020 წელს გაზრდილია გზავნილები, რომლებიც საქართველოსთვის ასოცირების ხელშეკრულების უსარგებლობაზე აკთებენ აქცენტს.  

დასავლეთის წინააღმდეგ მიმართულ გზავნილებს: ვრცელდებოდა გზავნილები, რომ "დასავლეთს გლობალური კონტროლის, ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარება სურს", "ლიბერალური წესრიგი მარცხდება" "დასავლეთი ისტორიის რევიზიას ცდილობს, თანამშრომლობდა ჰიტლერთან", "დასავლეთი არ არის სოლიდარული, ვერ გაუმკლავდა პანდემიას" 

რუსეთზე გზავნილებს: MDF-ის ცნობით, ბოლო 5 წლის დინამიკის ანალიზი აჩვენებს, რომ რუსეთის, როგორც "უალტერნატივო ძალის", ასევე ავტორიტარული მმართველობის მხარდამჭერი განცხადებები ეტაპობრივად გაზრდილია. კვლევის მიხედვით, ორი ახალი გზავნილი, რომელიც 2020 წელს რუსეთის თემატიკაში მკაფიოდ გამოიკვეთა, ერთი მხრივ, საქართველოს შიდა საარჩევნო პროცესს, მეორე მხრივ, თურქეთ-აზერბაიჯანის "საფრთხის" შეკავებას, ასევე ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში რუსეთის როლს უკავშირდებოდა. ვრცელდებოდა გზავნილები, რომ ბრალდებები რუსეთის საქართველოს არჩევნებში ჩარევაზე დაუსაბუთებელია, ასევე, იდეა, რომ თურქეთის შეკავება, კავკასიაში კონფლიქტების მოგვარება მხოლოდ რუსეთს შეუძლია. 

გზავნილებს იდენტობაზე: მედიის განვითარების ფონდის კვლევით, იდენტობის დაკარგვის საფრთხესა და ღირებულებით დისკურსთან დაკავშირებული გზავნილები მცირედით შემცირებულია, თუმცა ზოგადად ანტილიბერალური დისკურსი გამჭოლ თემად თითქმის ყველა მიმართულებით ფიგურირებს. კვლევის მიხედვით, ძველ გზავნილებთან ერთად, რომ "დასავლეთი ჰომოსექსუალობას, პედოფილიასა და გარყვნილი ცხოვრების წესს თავს გვახვევს და ებრძვის ტრადიციულ იდენტობას, ეკლესიას", ახალი გზავნილი ამკვიდრებდა მოსაზრებას, რომ ამერიკის არჩევნებში ბაიდენის გამარჯვება ლგბტ დღის წესრიგის კიდევ უფრო გააქტიურებას შეუწყობდა ხელს.

მედიის განვითარების ფონდის კვლევა სრულად  - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები