Evergrande

საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე პანიკაა, ჩინური გიგანტი, EVERGRANDE-ი გაკოტრების პირასაა

ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო კომპანია, Evergrande-ი გაკოტრების პირასაა, რამაც საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე პანიკური ვაჭრობა გამოიწვია. ინვესტორები ფიქრობენ, რომ კომპანიის კოლაფსმა, შესაძლოა, ჩინეთის ეკონომიკის გარდა, ასობით სხვა უცხოური კომპანიაც კი დააზარალოს. 

უძრავი ქონებისა და საინვესტიციო კომპანია, Evergrande-ი 1996 წელს დაარსდა და ჩინეთის მასშტაბით 280 ქალაქში ათასობით საცხოვრებელ და კომერციულ ფართს ფლობს. გარდა ამისა, კომპანიის საკუთრებაში ავტომობილების, საკვებისა და სასმელების საწარმოებიცაა. 

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია მილიარდობით დოლარის ღირებულების აქტივებს ფლობს, ის გაკოტრების პირასაა, რადგან მისი საფინანსო ვალდებულება 300 მილიარდ დოლარს შეადგენს და მიმდინარე კვირაში Evergrande-ს $84-მილიონიანი ვალის გასტუმრება უწევს, რისთვის საჭირო თანხა კომპანიას არ გააჩნია. 

თავის გადარჩენის მიზნით, კომპანია უძრავი ქონების დაბალ ფასებში გაყიდვას ცდილობს, თუმცა აღნიშნული აქტივის დაბალი ლიკვიდურობიდან გამომდინარე, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ვადის ამოწურვამდე საჭირო თანხის შეგროვება ვერ მოხერხდება. 

ექსპერტების შეფასებით, 84 მილიონი დოლარი Evergrande-ს კოლოსალური პრობლემის მხოლოდ მცირედი ნაწილია და კომპანია 300-მილიარდიანი ვალის გასტუმრებას ვერ მოახერხებს, თუკი საქმეში მთავრობა ან ინვესტორები არ ჩაერევიან.

დაეხმარება თუ არა ჩინეთის მთავრობა Evergrande-ს ჯერაც უცნობია, რადგან მსგავსი მასშტაბური ჩარევა საფინანსო სექტორში ცუდ პრეცედენტს შექმნის და, შესაძლოა, გაფლანგულ რესურსადაც ჩაითვალოს. 

რაც შეეხება ინვესტორებს, გაკოტრების შიშმა საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე კომპანიის აქციების ფასის 85%-იანი ვარდნა გამოიწვია, რაც, სავარაუდოდ, იქამდე გაგრძელდება, სანამ Evergrande-ი არ გაკოტრდება. 

Evergrande-ს აქციების ფასი.   წყარო: TradingView

აღსანიშნავია, რომ შიშმა მოიცვა არა მარტო ჩინური საფინანსო სექტორი, არამედ საერთაშორისო ბაზრებიც კი. საგრძნობლად შემცირდა ამერიკული კომპანიების ფასები, განსაკუთრებით მათი, რომელთაც კავშირები ჰქონდათ Evergrande-სთან. 

კომპანიას $300-მილიარდიანი ვალდებულება 290-მდე ბანკიდან და საფინანსო კომპანიიდან აქვს აღებული. მისი გაკოტრება მნიშვნელოვნად დააზარებს აღნიშნულ კომპანიებს. 

აღსანიშნავია, რომ ინვესტორთა ნაწილი Evergrande-ს შემთხვევას 2007-2008 წლების ფინანსურ კრიზის ადარებს, მაშინაც მასშტაბური პრობლემის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი უძრავი ქონების სექტორში დაგროვილი ვალი და არასათანადო რისკ-მენეჯმენტი იყო.     

კომენტარები