სერგეი ბოკარევის საქმე

კანდელაკი: მთავრობამ მყისიერად დაიწყო ნაბიჯების გადადგმა ბოკარევის რუსეთისთვის გადასაცემად

გიორგი კანდელაკი

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ რუსი ბიზნესმენის, სერგეი ბოკარევის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს ეხმაურება.

კანდელაკის თქმით, ქართული ოცნება ოკუპანტი რუსეთის ინტერესებს ატარებს, როდესაც ბიზნესმენ სერგეი ბოკარევს თავშესაფარზე უარს ეუბნება და მის რუსეთში ექსტრადირებას ცდილობს.

"ქართული ოცნების რეჟიმმა, როგორც კოლაბორაციონისტულმა რეჟიმმა, მყისიერად დაიწყო, რუსეთის სახელმწიფოს, როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესების გატარება. იმის მაგივრად, რომ გულთბილად მიეღო რუსეთის საგარეო პოლიტიკისადმი ესოდენ კრიტიკულად განწყობილი ადამიანი, მყისიერად დაიწყო ნაბიჯების გადადგმა ბოკარევის ოკუპანტი სახელმწიფოსთვის გადასაცემად. ბატონი ბოკარევი 9 თვის განმავლობაში იყო დაპატიმრებული და მას საქართველოს სახელმწიფომ ოფიციალურად უთხრა უარი თავშესაფარზე". – თქვა კანდელაკმა

სააპელაციო სასამართლო ნავალნის მხარდამჭერი რუსი ბიზნესმენის, სერგეი ბოკარევის ექსტრადიციის საკითხზე გადაწყვეტილებას დღეს, 17 სექტემბერს გამოაცხადებს.

ბოკარევის ადვოკატი, მალხაზ პატარაია ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ თუ სააპელაციო სასამართლო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ბიზნესმენისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ ძალაში დატოვებს, ბოკარევის ექსტრადიციის პროცედურა დაიწყება. 

სერგეი ბოკარევი საქართველოში 2018 წელს ჩამოვიდა. რუსეთის ფედერაციის მოთხოვნის საფუძველზე ის დააკავეს, რის შემდეგაც ბოკარევმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა, რაზეც უწყებამ უარი უთხრა. სერგეი ბოკარევის ადვოკატი, მალხაზ პატარია, ამბობს, რომ სამართლებრივად ქართულმა სახელმწიფომ ბიზნესმენს თავშესაფარი უნდა მისცეს. ადვოკატის თქმით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გააუქმა შსს-ს უარი და საკითხი ხელახალი განხილვისთვის დააბრუნა, თუმცა შსს-მ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

თავად ბოკარევი ამბობს, რომ რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში მას 99.8%-იანი შანსი აქვს, რომ სასამართლო გაამტყუნებს და 10 წლამდე პატიმრობას მიუსჯის. ციხეში კი მას წამება, ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა ემუქრება და მისი სიცოცხლე საფრთხეში იქნება.

21 ივნისს სერგეი ბოკარევმა ევროპული საქართველოს ლიდერ გიგა ბოკერიასთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა. ბოკერიამ აღნიშნა, რომ ქართული მხარე ბოკარევის შესაძლო ექსტრადირებას ამართლებს დოკუმენტით, რომელშიც თავმოყრილია საერთაშორისო ორგანიზაციების დადებითი შეფასებები რუსეთის სასჯელაღსრულების სისტემაზე.

კომენტარები