სერგეი ბოკარევის საქმე

სააპელაციო ბოკარევის ექსტრადიციის საკითხზე გადაწყვეტილებას 17 სექტემბერს გამოაცხადებს

კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი

სააპელაციო სასამართლო ნავალნის მხარდამჭერი რუსი ბიზნესმენის, სერგეი ბოკარევის ექსტრადიციის საკითხზე გადაწყვეტილებას 17 სექტემბერს გამოაცხადებს. ბოკარევის ადვოკატი, მალხაზ პატარაია ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ თუ სააპელაციო სასამართლო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ბიზნესმენისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ ძალაში დატოვებს, ბოკარევის ექსტრადიციის პროცედურა დაიწყება. 

"სასამართლოს პირველმა ინსტანციამ გააუქმა მიგრაციის დეპარტამენტის უარი და უკან გადააგზავნა, მაგრამ ახლა ისევ გაგვისაჩივრა მიგრაციის დეპარტამენტმა – არ მისცეთ ამ კაცს სტატუსი, აღადგინეთ ჩვენი ბრძანება ძალაშიო. ლტოლვილის სტატუსზე უარის შემდეგ იწყება საექსტრადიციო პროცედურა. 2 სასამართლო პროცესი იქნება, მაგრამ, პრაქტიკულად, საკითხები იგივეა, რაც აქ განიხილება და რასაც იქ განვიხილავთ". – თქვა პატარიამ.

ბოკერავის ადვოკატის თქმით, რუსეთში ბიზნესმენზე ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან კავშირს გამო ზეწოლა მიმდინარეობდა, რის გამოც საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტა. ადვოკატი ამბობს, რომ სერგეი ბოკარევმა ფინანსურად ღიად დაუჭირა მხარი ალექსეი ნავალნის ორგანიზაციას. მან ასევე საჯარო პოზიცია გამოხატა უკრაინისა და საქართველოს რუსეთთან საერთაშორისო პოლიტიკის მიმართ – იგი მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეწინააღმდეგებოდა ყირიმის ანექსიას. ფერმერთა ასოციაციის შეკრებაზე ბოკარევმა გუბერნატორის თანდასწრებით გააკრიტიკა რუსეთის საგარეო პოლიტიკა და აღნიშნა, რომ ამ პოლიტიკის ფასს, რუსეთისთვის სანქციების დაწესების შედეგად, ჩვეულებრივი მოქალაქეები იხდიან, ამის შემდეგ კი ბოკარევის დევნა დაიწყო.

სერგეი ბოკარევი საქართველოში 2018 წელს ჩამოვიდა. რუსეთის ფედერაციის მოთხოვნის საფუძველზე ის დააკავეს, რის შემდეგაც ბოკარევმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა, რაზეც უწყებამ უარი უთხრა. სერგეი ბოკარევის ადვოკატი, მალხაზ პატარია, ამბობს, რომ სამართლებრივად ქართულმა სახელმწიფომ ბიზნესმენს თავშესაფარი უნდა მისცეს. ადვოკატის თქმით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გააუქმა შსს-ს უარი და საკითხი ხელახალი განხილვისთვის დააბრუნა, თუმცა შსს-მ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

თავად ბოკარევი ამბობს, რომ რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში მას 99.8%-იანი შანსი აქვს, რომ სასამართლო გაამტყუნებს და 10 წლამდე პატიმრობას მიუსჯის. ციხეში კი მას წამება, ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა ემუქრება და მისი სიცოცხლე საფრთხეში იქნება.

21 ივნისს სერგეი ბოკარევმა ევროპული საქართველოს ლიდერ გიგა ბოკერიასთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა. ბოკერიამ აღნიშნა, რომ ქართული მხარე ბოკარევის შესაძლო ექსტრადირებას ამართლებს დოკუმენტით, რომელშიც თავმოყრილია საერთაშორისო ორგანიზაციების დადებითი შეფასებები რუსეთის სასჯელაღსრულების სისტემაზე.

კომენტარები