პარლამენტი

პარლამენტში მელიასთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ

Nika Melia / ნიკა მელია / Facebook

დღეს, 17 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი  ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განიხილავს. სხდომა 13.00 სთ-ზე გაიმართება. 

ნიკა მელიამ საკუთარი სურვილით სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის თაობაზე განცხადება 29 ივლისს გააკეთა, მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა.

იქამდე, ქართულმა ოცნებამ  ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილებას 2021 წლის თებერვალში შეუჩერა, მას შემდეგ, რაც საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების, გირაოს პატიმრობით შეცვლის საკითხზე სასამართლოსთვის მიმართვაზე თანხმობისთვის საქართველოს პარლამენტს მიმართა. საქმე ეხებოდა 20 ივნისს, რისთვისაც ნიკა მელიას  აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს, თუმცა  მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.

იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ, ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს. მის დასაპატიმრებლად და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ოფისში შეჭრა და მისი დარბევა დასჭირდა, მოგვიანებით,10 მაისს,  ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხელმოწერილი დოკუმენტის საფუძველზე საქმეზე საქალაქო სასამართლომ  აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერს  პარლამენტის წევრის უფლებამოსილება 2019 წლის 12 დეკემბერშიც შეუჩერეს, მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქართუს გაკოტრების" საქმეზე ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გაამართლა, მეორეზე კი, 25 000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯა. გარდა ამისა, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ნიკა მელიას 3 წლით და 2 თვით ჩამოართვა საჯარო სამსახურში დასაქმების უფლება. დაცვის მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.

კომენტარები