კრიმინალი

ყვარლის მერი BOG-ზე: თავდამსხმელის ვინაობა დადგენილი არ არის, კომუნიკაცია არ ყოფილა

ყვარლის მერი, როსტომ ჩხეიძე ამბობს, რომ ჭავჭავაძის ქუჩაზე საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის ვინაობა ამ დროისთვის დადგენილი არ არის და მასთან სამართალდამცავებს კომუნიკაცია არ ჰქონიათ. 

"როგორც კი განხორციელდა ზარი საქართველოს ბანკიდან, სამართალდამცავები მყისიერად განლაგდნენ. იქვე მოაწყვეს სპეციალური ჩამკეტები და დაიწყო გამოძიება. მიმდინარეობს გამოძიება. ჯერჯერობით, ვინაობა დადგენილი არ არის. ყველა სამართალდამცველი ადგილზეა მობილიზებული და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იყოს. 

ამ ეტაპზე, ჩემთვის უცნობია, რამდენი მოქალაქე და რამდენი თანამშრომელია ადგილზე. არანაირ კომუნიკაციაზე ჯერ არ არის საუბარი, არც ითხოვს კომუნიკაციას, სამართალდამცავები ცდილობენ, რომ კომუნიკაცია შედგეს და ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილებები მიღებული". - ამბობს ყვარლის მერი მაესტროსთან ინტერვიუში.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყვარელში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეირაღებული პირია შეჭრილი. მათივე ცნობით, უწყების თანამშრომლები ჭავჭავაძის ქუჩაზე მობილიზებულები არიან.

"თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს - დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს", - წერია განცხადებაში.

კომენტარები