ვაქცინაცია საქართველოში

"ყველა აცრილი ჩაერთვება" – ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის წესები ცნობილია

ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია 13 სექტემბრიდან დაიწყება. ფულის მოგების შესაძლებლობა ექნება ყველა ადამიანს, ვინც ერთხელ მაინც არის აცრილი ან აიცრება, მათ შორის მათ, ვინც ლატარიის დაწყებამდე ჩაიტარა ვაქცინაცია.

ლატარიის კომპანიის ცნობით, ყოველდღე გათამაშდება 100 და 500 ლარი მოგება, ყოველკვირეულად 1000-დან 10 000 ლარამდე, ხოლო შემაჯამებელ გათამაშებაში, რომელიც  31 დეკემბერს გაიმართება - 100 000 ლარი.

ლატარიის გათამაშებები  გაიმართება ვებგვერდზე www.stopcov.lotto.ge -ზე ყოველდღე, 12 საათზე, ხოლო ყოველკვირეული - ორშაბათს, ყოველდღიური ლოტოს გათამაშების დასრულებისთანავე.

ვაქცინირებული მომხმარებლების იდენტიფიცირება პირველი აცრის რეგისტრაციისას NDCD-ის ბაზაში მინიჭებული  საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით მოხდება. პირველი აცრის გაკეთებისთანავე ბენეფიციარი მონაცემთა ბაზაში ავტომატურად მიიღებს გათამაშების  ბილეთს, აცრიდან მეორე დღესვე მიღებული ბილეთი ერთვება აიცერი და მოიგეს ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებაში.

მომხმარებელი, რომელმაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია  წამახალისებელი ლატარიის ამოქმედებამდე, 13 სექტემბრამდე ჩაიტარა, მონაწილეობას მიიღებს ყველა  გათამაშებაში.

"StopCovid ლატარიის ვაქცინირების დროს მიღებული ბილეთი ვალიდურია ყველა გათამაშების განმავლობაში, მანამდე სანამ ბილეთზე არ დაფიქსირდება მოგება. მაგ: თუ მოქალაქის ბილეთმა ერთხელ გაიმარჯვა ყოველდღიურ გათამაშებაში, თქვენი ბილეთი აღარ მონაწილეობს მომდევნო ყოველდღიურ გათამაშებაში, მაგრამ მიიღებს მონაწილეობას ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებებში, თუ ბილეთმა მოიგო ყოველკვირეულ გათამაშებაში, ის შემდგომში მონაწილეობას მიიღებს შემაჯამებელ გათამაშებაში" - აცხადებს კომპანია და აღნიშნავს, რომ "რაც უფრო მალე ჩაიტარებს ადამიანი ვაქცინაციას, მით უფრო ბევრ გათამაშებაში მიიღებს მისი ლატარიის ბილეთი  მონაწილეობას და მით უფრო გაიზრდება მისი მოგების შანსი".

მოგების შესახებ ინფორმაციას მომხმარებელი მიიღებს რეგისტრაციის დროს მითითებულ მობილურ ნომერზე.

1 000 ლარამდე მოგების განაღდება შესაძლებელია საქართველოს ეროვნული ლატარიის’ სერვის-ცენტრებში, ხოლო 1 000 ლარზე მეტის მოგების შემთხვევაში მოგებულს  თანხა ჩაერიცხება მის პირად საბანკო ანგარიშზე.  

კომენტარები