კორონავირუსი საქართველოში

რატომ თქვა უარი საქართველომ AstraZeneca-ს 50 000 დოზით დახმარებაზე – გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე განმარტავს, რატომ თქვა საქართველომ უარი, ლატვიისგან დახმარების სახით კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის 50 000 დოზა მიეღო. გამყრელიძის მტკიცებით, AstraZeneca-ს ვაქცინაზე მოთხოვნა არ იყო და, მისივე თქმით, შესაძლოა, ვაქცინებს ვადა გასვლოდა.

"ინფორმირებულიც ვიყავით და აქტიურად ჩართულიც ამ პროცესში. 3 000 000 ვაქცინა გვაქვს ქვეყანაში - ეს ივლისის მიხედვით არის. ჩვენ ივლისის განმავლობაში მივიღეთ 1 500 000 Pfizer-ი და ბოლო შემოსვლა მთავრდება კვირას. 500 000 გვაჩუქა აშშ-მ და 1 000 000 იყიდა ჯანდაცვის სამინისტრომ. 1 500 000 ასევე ვიყიდეთ ჩინური Sinopharm-ი და Sinovac-ი. ეს ყველაფერი ხდება ივლისში. ამავე დროს, სამჯერ COVAX-ით მივიღეთ AstraZeneca - 43-43-43 ათასი დოზა, მოყოლებული მარტიდან. მოგეხსენებათ, AstraZeneca-სთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში შეიქმნა პრობლემები - დაწესდა ასაკობრივი შეზღუდვა, გართულებების გარკვეული რისკი, ასევე, პირველი ძალიან რთული და ტრაგიკული შემთხვევა გახსოვთ, აცრების დაწყების მეოთხე დღეს რაც მოხდა ქვეყანაში. ყველაფერმა ამან იმოქმედა AstraZeneca-ზე მოთხოვნილებაზე. 

გარდა COVAX-ისა, AstraZeneca-ს გარკვეული დოზები გვაჩუქა ავსტრიის სახელმწიფომ და მივიღეთ - მცირე დოზები. გვაჩუქა ლიეტუვამ - მივიღეთ. მაგრამ ახლა გვიდევს, დაახლოებით, 20 000 დოზამდე AstraZeneca და ყოველდღიური აცრა AstraZeneca-ზე გვაქვს, დაახლოებით, 700-800. ძირითადად, მე-2 დოზებზე. ამიტომ იყო, მარტო ლატვიას არ შემოუთავაზებია ეს, რამდენიმე ევროგაერთიანების ქვეყანამ ეს შეთავაზება გააკეთა, მაგრამ აქ გაკეთებული იყო შედარებით მოკლევადიანი, რომლის ათვისების სიმძლავრე იმ დროს ქვეყანაში არ იყო. დიდი ალბათობით, მოთხოვნილება არ იყო და არ არის AstraZeneca-ზე და ამიტომ ის, შეიძლებოდა, ყოფილიყო ჩამოსაწერი. ამაზე, რა თქმა უნდა, ბევრი კონსულტაცია იყო საკოორდინაციო საბჭოზე, იყო მოლაპარაკებები და ეს ერთობლივი გადაწყვეტილებაა. არ უნდა ამას პოლიტიკური სარჩულის მიცემა". - ამბობს ამირან გამყრელიძე ფორმულასთან ინტერვიუში.  

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ლატვიის დახმარებაზე, რომელიც AstraZeneca-ს რამდენიმე ათეულ ათას დოზას გვთავაზობდა, დღეს, 2 სექტემბერს საგარეო საკითხებში ევროპული საქართველოს მდივანმა, გიორგი კანდელაკმა გაავრცელა. მისივე შეფასებით, საქართველოს მთავრობას შეეძლო AstraZeneca-ს ეს 50 000 დოზა სკოლების პერსონალის აცრისთვის გამოეყენებინა და სწავლა დისტანციურის ნაცვლად საკლასო ოთახებში დაწყებულიყო. 

"ამ ფონზე ლატვიიდან ხარისხიანი ვაქცინების ჩუქებაზე უარის თქმა არის ძალიან უპასუხისმგებლო საქციელი, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ვითარების ასეთ გაუარესებაზე". – ამბობს გიორგი კანდელაკი.  


2 სექტემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით კიდევ 81 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში ბოლო ერთ თვეში Covid-19-ით 1 712 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი 9.13%-ია, ბოლო 14 დღის – 9.85%.

ქვეყანაში მოქმედებს რიგი შეზღუდვები. 13 სექტემბრამდე შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტი, სკოლებში, ბაღებსა და უნივერსიტეტებში სწავლა 4 ოქტომბრამდე დისტანციურად განახლდება, რესტორნები და კაფეები კი 22:00 საათამდე მუშაობს. 

კომენტარები