პოლიტიკური კრიზისი

ენმ-ის წევრები დოკუმენტზე ხელის მოსაწერად EU-ს წარმომადგენლობის ოფისში მივიდნენ

ნაციონალური მოძრაობის წევრები შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოსაწერად EU-ს წარმომადგენლობის ოფისში მივიდნენ. ერთ საათზე მეტია პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია შეხვედრაზე იმყოფება. 

ოპოზიციის ნაწილის მცხეთის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ არ უნდა მისცენ ქართულ ოცნებას შანსი იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ მცდელობა დატოვონ დოკუმენტი. 

"დღეს როგორც არასდროს, მე მგონი, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დადგა საფრთხის ქვეშ ჩვენი ევროპული და დასავლური ვექტორი, რომლის საშუალებაც არ უნდა მივცეთ ქართულ ოცნებას არაფრით. არჩევანი ამ რეფერენდუმზე ძალიან მარტივია - რუსეთი თუ დასავლეთი და ეს არჩევანი უნდა გააკეთოს საქართველოს მოსახლეობამ".- ამბობს უდუმაშვილი. 

პარტიის წევრის, დავით კირკიტაძის თქმით, ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია საფრთხეშია. 

"დღეს, როგორც არასდროს საქართველოს ხელისუფლებამ კითხვისნიშნის ქვეშ დააყენა ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ჩვენ ყველამ და განსაკუთრებით პროდასავლურმა ოპოზიციამ ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ ერთგული ვართ იმ პრინციპების, რაც ასახულია ამ დოკუმენტში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ამნისტიის მუხლი პრობლემურია, რომელსაც მხარს არ დავუჭერთ, თუმცა დოკუმენტის სულისკვეთებას ვიზიარებთ და ხელს ვაწერთ".- ამბობს კირკიტაძე. 

თანაპარტიელების აზრს იზიარებს რომან გოცირიძეც. მისი თქმით, ხელშეკრულება ლეგიტიმურია და არსებობს და მისი დარღვევა დასჯადია. 

"ხელშეკრულება და შეთანხმება რომ იყოს გაუქმებული, როგორც ამას ქართული ოცნება აცხადებს, არ იქნებოდა ეს ხელმოწერა დღეს. ევროკავშირისთვისა და ამერიკისთვის მთელი ქართული საზოგადოებისთვის ეს შეთანხმება არის მოქმედი და ამ მოქმედი შეთანხმების დარღვევა არის დასჯადი, პირველ რიგში, ჩვენი ამომრჩევლის მიერ. ეს ხელშეკრულება არსებობს, ლეგიტიმურია და აქედან გასვლა და მისი დარღვევა ნიშნავს ქვეყნის ინტერესების წინააღმედ სვლას".- აღნიშნავს რომან გოცირიძე. 

ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილება, რომ 4 თვის შემდეგ მოეწერა ხელშეკრულებისთვის ხელი, გუშინ, 1 სექტემბერს გახდა ცნობილი. ნიკა მელიამ მთავარ მიზეზად ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე ქართული ოცნების უარი დაასახელა. ნიკა მელიას თქმით, ენმ 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერით აცხადებს მზაობას და ხაზს უსვამს რწმენას, რომ პროდასავლურმა ოპოზიციამ 2 ოქტომბრის რეფერენდუმში გაიმარჯვოს.


ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად 28 ივლისს გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტმა "თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა".

შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნულიყო 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებდა ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.  

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა ევროპულმა საქართველონ, ლეიბორისტულმა პარტიამ, პარტიამ - კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრმა და ამჟამად დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ. შეთანხმებას ხელს აქამდე არ აწერდა ენმ, თუმცა, დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით დოკუმენტს ხელი თავიდანვე მოაწერეს პარტიის უკვე ყოფილმა წევრებმა, სალომე სამადაშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ

 

კომენტარები