ევროპული საქართველოს წევრის, ლაშა დამენიას თქმით, პარტიის მაჟორიტარმა თელავში, ნინო გალახვარიძემ უარი თქვა სიაში ყოფნაზე, მას შემდეგ, რაც პოლიციაში დაჰკითხეს შვილის გატაცებასთან დაკავშირებით.
"მინდა გამოვეხმაურო გუშინდელ ფაქტს, რაც თელავში მოხდა. ფაქტობრივად, ის რაც დაკითხვის შემდეგ განაცხადეს თვითონ დაზარალებულებმა, ეს იყო სწორედაც იმის ნათელი მაჩვენებელი, თუ როგორი კრიმინალური მდგომარეობაა დღეს საქართველოში, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი ის იყო, რომ. დღისით-მზისით შეიძლება ადამიანის გატაცება და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა ვითარებაა და შემდეგ პოლიციაში დაკითხვის შემდგომ, სადაც პოლიცია და კრიმინალური სამყარო ერთმანეთსაა შეზრდილი და პოლიციამ ფაქტობრივად მოაგვარა და დამალა ეს დანაშაულებრივი ფაქტი თელავში, შემდეგ კი დაკითხვიდან გამოსულზე დაზარალებულებმა უარყვეს გატაცების ფაქტი და გარკვეულწილად გაუგებრობა უწოდეს.
აქედან გამომდინარე, კანდიდატმა, რომელიც ევროპული საქართველოს პროპორციული სიით უნდა გასულიყო არჩევნებში, დღეს მან უარი განაცხადა სიაში ყოფნაზე, რაც კიდევ ერთხელ დამადასტურებელია იმ ფაქტის, რომ მათ ვერ აღიარეს ის ფაქტი რაც სინამდვილეში მოხდა, დაკითხვის შემდგომ დედა მადლობას უხდის პოლიციას იმის გამო, რომ შვილი დაუბრუნეს. თუ არაფერი მომხდარა, მაშინ რატომ ამახვილებს ყურადღებას შვილის დაბრუნების ფაქტზე? ჩვენი აზრით, როგორც მინიმუმ, მოხდა კრიმინალური გარჩევა, რომელსაც, სამწუხაროდ, მთელი საქართველო აქვს მოცული, ქართული ოცნება კი ამ ვითარებას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს, დასკვნები კი საზოგადოებისთვის მიგვინდვია“. - თქვა დამენიამ.
გუშინ, 26 აგვისტოს, ნინო გალახვარიძემ თქვა, რომ მისი 19 წლის შვილი ქართული ოცნების ხალხმა გაიტაცა. გალახვარიძე ტაბულას უყვებოდა, რომ დაახლოებით 1 საათის წინ, შვილმა სამსახურიდან დაურეკა და უთხრა, რომ იტაცებდნენ.