კორონავირუსი საქართველოში

"წახალისდება ფულადი ჯილდოებით" – გამყრელიძის თქმით, აცრილებისთვის ლატარია გათამაშდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ერთხელ ან სრულად აცრილი ადამიანებისთვის ლატარია გათამაშდება. გამყრელიძის თქმით, ინიციატივის მიზანი ვაქცინაციის წახალისებაა.

"1-ელ სექტემბერს გაკეთდება განცხადება, როდიდან დაიწყება ე.წ. პერმანენტული ლატარიის გათამაშება, რათა წახალისებული იყოს გარკვეული ფულადი ჯილდოებით. ამაზე უკვე შედგენილია სქემაც, ყველაფერი. რა თქმა უნდა, ჩვენს ბაზებთან ექნება ლატარიას კავშირი, რათა იდენტიფიცირებული იყვნენ ერთხელ ან ორჯერ აცრილი ადამიანები და, შესაბამისად, მოხდება გათამაშებები.

სექტემბრის დასაწყისში, 1-ელში ან 2-ში ოფიციალურ განცხადებას ამასთან დაკავშირებით გააკეთებს ფინანსთა სამინისტრო და მალე დაიწყება ეს ყველაფერი. ისინი აქტიურად მუშაობენ ლატარიის კომპანიასთან". - ამბობს ამირან გამყრელიძე.  

27 აგვისტოს დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 12.1%, ერთი დოზის ჩათვლით - 26.3%. უსაფრთხოებისთვის, უნდა აიცრას ზრდასრული მოსახლეობის 60%. 27 აგვისტოს დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში 26 418 ადამიანი აიცრა. ჯამში, ქვეყანაში 1 095 069 აცრა არის ჩატარებული.

კომენტარები