Setanta Sports

SETANTASPORTS.COM-ზე სპორტის ყურების ახლებური გამოცდილება იწყება

ახალი ციფრული პლატფორმა setantasports.com-ი საქართველოში ოფიციალურ მაუწყებლობას შაბათს, 28 აგვისტოს დაიწყებს და მომხმარებელს სამი დიდი სპორტული მოვლენის პირდაპირ რეპორტაჟს ექსკლუზიურად შესთავაზებს. 

ქართული ტელეკომუნიკაციების ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პროექტის ფარგლებში, მომხმარებელი setantasports.com-ზე დარეგისტრირების შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატების და ტურნირების ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებას იხილავს. აუცილებელი რეგისტრაციის გავლიდან მომდევნო 2 კვირის მანძილზე, მომხმარებლებისთვის პლატფორმა სრულიად უფასოა, შემდეგი პერიოდიდან ყოველთვიური პაკეტის საფასური 12.99 ლარი, წლიური ანგარიშის ფასი კი 129.99 ლარი იქნება.

28 და 29 აგვისტოს, ფეხბურთისა და სპორტის გულშემატკივარი ერთბაშად რამდენიმე მნიშვნელოვანი სპორტულ მოვლენის მოლოდინშია - 28 აგვისტოს უქმეების ერთ-ერთი მთავარი სპორტული მოვლენა ლივერპულისა და ჩელსის დაპირისპირება იქნება. 

თბილისის დროით, 20:30 წუთზე ინგლისის პრემიერლიგისა და ფეხბურთის გულშემატკივრები გერმანელი მწვრთნელების გუნდების დაპირისპირებას მხოლოდ setantasports.com-ის პლატფორმაზე დარეგისტრირების შემთხვევაში იხილავს. 

ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება 29 აგვისტოს გამთენიისას დაიწყება. 06:00 საათიდან ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე ქვემსუბუქი წონის ორთაბრძოლაში ედსონ ბარბოსას დაუპირისპირდება.

"ეს ბრძოლა ნამდვილი ფოიერვერკი იქნება და ისეთ რამეს განახებთ, რაც არასდროს წარმოგედგინათ!", - განაცხადა გიგა ჭიკაძემ მოახლოებული ისტორიული ბრძოლის შესახებ.

29 აგვისტოს პსჟ-ის შემადგენლობაში, ლიონელ მესის ოფიციალური დებიუტი შედგება. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ბარსელონიდან წასვლის შემდეგ, პირველად რეიმსის წინააღმდეგ ითამაშებს და ამ მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს მხოლოდ setantasports.com-ზე იხილავთ.

ამ სამი დიდი სპორტული ღონისძიების საყურებლად განკუთვნილ პლატფორმა setantasports.com-ზე აუცილებელია რეგისტრაცია, რომლის შემდეგაც მომხმარებელს ექნება საკუთარი პროფილი და დამატებითი შესაძლებლობები იხილოს მატჩების სრული ჩანაწერები, მიმოხილვები, საინტერესო ეპიზოდები და სხვა მრავალი ახალი კონტენტი.

Setanta Sports-ის 100 %-იანი წილი ქართულმა კომპანიამ მიმდინარე წლის თებერვალში შეიძინა და რეგიონში ყველაზე მსხვილ მედიად იქცა. შეთანხმების თანახმად, კომპანიის მფლობელობაში ევროპისა და აზიის 13 ქვეყანაში მოქმედი ლიცენზიები და სატელევიზიო უფლებები გადავიდა.

Setanta Sports-ის ბრენდი, ლიცენზიებითა და სატელევიზიო არხებით, საქართველოს გარდა, აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდოვის, ბელარუსის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთისა და თურქმენეთის ტერიტორიაზე, ჯამში, 13 ქვეყანაში ოპერირებს. 

რაც შეეხება setantasports.com-ის პლატფორმას, მასზე საერთაშორისოდ აღიარებულმა ვიდეოტექნოლოგიების კომპანია Endeavor Streaming-მა იმუშავა. Endeavor Streaming-ი 2004 წლიდან მუშაობს ახალი ტექნოლოგიებისა და ციფრული მაუწყებლობის დისტრიბუციისა და მონეტიზაციის მიმართულებით. პლატფორმა თანამშრომლობს ისეთ აღიარებულ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა - Sky Sports, NBA, NFL, UFC, Big Ten Network, Univision. 

კომენტარები