საფეხბურთო კლუბი ქუთაისის ტორპედო ელექტრონულ აუქციონზე ვერ გაიყიდა, მისი საწყისი ფასი 567 017 ლარ იყო, თუმცა კლუბით არცერთი ინვესტორი არ დაინტერესებულა.
ტორპედო ქალაქ ქუთაისში 1946 წელს დაარსდა. კლუბი ეროვნული ლიგის ოთხგზის ოქროსა და სამგზის ვერცხლის პრიზიორია. ასევე, იგი ოთხჯერ გახდა საქართველოს თასის მფლობელი.
წინადადებების მიღება 4 აგვისტოს დაიწყო და დღეს, 19 აგვისტოს დასრულდა. აუქციონში გამარჯვებული საფეხბურთო კლუბის 100%-იან წილს და მისი მართვის უფლებას მიიღებდა, თუმცა იგი ვალდებული იქნებოდა, დაეცვა შეთანხმების პირობები:
- მყიდველი ვალდებულია, 31 აგვისტომდე საკრედიტო დავალიანების დასაფარად განახორციელოს 670 000 ლარის ინვესტიცია, ხოლო 31 დეკემბრამდე – დამატებით 1.8 მილიონი ლარის.
- ასევე, საფეხბურთო კლუბის განვითარებისთვის ყოველწლიურად განახორციელოს, მინიმუმ, 1 მილიონი ლარის ინვესტიცია და უზრუნველყოს უეფასა და ეროვნული ლიცენზიის ყოველწლიურად აღება.
- გარდა ამისა, უზრუნველყოს საფეხბურთო სკოლა-აკადემიისა და ბავშვთა გუნდების ფუნქციონირება.
- საქართველოს ფეხბურთის განვითარების პროგრამის გაგრძელების შემთხვევაში, უზრუნველყოს ყოველწლიურად არანაკლებ 2.5 მილიონი ლარის ინვესტიციის მოზიდვა. პროგრამის დასრულების შემთხვევაში – არანაკლებ 4 მილიონი ლარისა.
აუქციონის პირობებიდან ერთ-ერთის შეუსრულებლობის შემთხვევაში საფეხბურთო კლუბის 100%-იანი წილი საკუთრებაში უბრუნდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს.