ტორპედო ქუთაისი

საფეხბურთო კლუბი ქუთაისის ტორპედო აუქციონზე იყიდება 

ტორპედო ქუთაისი
ფოტო: ტაბულა

საფეხბურთო კლუბი ქუთაისის ტორპედო აუქციონზე იყიდება, საწყისი ფასი 567 017 ლარია. 

ტორპედო ქალაქ ქუთაისში 1946 წელს დაარსდა. კლუბი ეროვნული ლიგის ოთხგზის ოქროსა და სამგზის ვერცხლის პრიზიორია. ასევე, იგი ოთხჯერ გახდა საქართველოს თასის მფლობელი. 

წინადადებების მიღება 4 აგვისტოს დაიწყო და 19 აგვისტოს დასრულდება. აუქციონში გამარჯვებული საფეხბურთო კლუბის 100%-იან წილს და მისი მართვის უფლებას მიიღებს, თუმცა იგი ვალდებული იქნება, დაიცვას შეთანხმების პირობები.   

მყიდველი ვალდებულია, 31 აგვისტომდე საკრედიტო დავალიანების დასაფარად განახორციელოს 670 000 ლარის ინვესტიცია, ხოლო 31 დეკემბრამდე – დამატებით 1.8 მილიონი ლარის. 

ასევე, საფეხბურთო კლუბის განვითარებისთვის ყოველწლიურად განახორციელოს, მინიმუმ, 1 მილიონი ლარის ინვესტიცია და უზრუნველყოს უეფასა და ეროვნული ლიცენზიის ყოველწლიურად აღება. 

გარდა ამისა, უზრუნველყოს საფეხბურთო სკოლა-აკადემიისა და ბავშვთა გუნდების ფუნქციონირება. 

საქართველოს ფეხბურთის განვითარების პროგრამის გაგრძელების შემთხვევაში, უზრუნველყოს ყოველწლიურად არანაკლებ 2.5 მილიონი ლარის ინვესტიციის მოზიდვა. პროგრამის დასრულების შემთხვევაში – არანაკლებ 4 მილიონი ლარისა. 

აუქციონის პირობებიდან ერთ-ერთის შეუსრულებლობის შემთხვევაში საფეხბურთო კლუბის 100%-იანი წილი საკუთრებაში უბრუნდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს. 
 

კომენტარები