კორონავირუსი საქართველოში

შრომის ინსპექციას ქელეხების, ქორწილებისა და იუბილეების პრევენციის უფლება მიენიჭა

luxuryresortphotography.com

შრომის ინსპექციას ხალხმრავალი ღონისძიებების პრევენციის უფლებამოსილება ენიჭება, უფრო ზუსტად, შრომის ინსპექციას შეეძლება, ობიექტზე შეზღუდოს სივრცის, ნივთის, ან აპარატურის გამოყენება ღონისძიების პრევენციის მიზნით, მსგავსი ღონისძიების განმეორების შემთხვევაში კი საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცეს სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყების მიზნით.

ცვლილება იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში შევიდა

 "შრომის ინსპექციის სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, უფლებამოსილია, დროებით შეზღუდოს ობიექტზე არსებული სივრცის ან/და ნივთის (მათ შორის ობიექტის ან მასზე არსებული კონკრეტული ადგილის, აპარატურის ან/და სხვა ნივთის გამოყენება რომლებიც უშუალო კავშირშია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიების განხორციელებასთან) გამოყენება, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიების გამართვისას განმეორებით კრიტიკული შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, შეზღუდოს ობიექტზე არსებული სივრცის/ ნივთის გამოყენება და გადასცეს საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყების მიზნით. დაუშვებელია ობიექტზე უნებართვოდ შესვლა, ლუქის ახსნა ან შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ამ ობიექტზე დაწესებული მოთხოვნების უგულებელყოფა". -  ვკითხულობთ დადგენილებაში.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამი კვირის განმავლობაში, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე შეზღუდვები დაწესდა. კერძოდ:

  • მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.  გადაადგილების შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.
  • ფესტივალების, მასობრივი ღონისძიებების, კონცერტების და სპორტული შეჯიბრებების გამართვა იზღუდება, გარდა იმ სპორტული შეჯიბრებებისა, რომელიც იმართება საერთაშორისო ეგიდით. 
  • არ იმუშავებენ ბავშვთა გასართობი ცენტრები. 
  • კვების ობიექტების მუშაობა ღამის 00:00 საათის ნაცვლად დასაშვები იქნება 23:00 საათამდე. 
  • ასევე, საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.
  • ასევე, საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში სამხედრო ექიმებიც ჩაერთვებიან. 

ასევე, საბჭოს გადაწყვეტილებით, 10 აგვისტოდან ღია სივრცეში, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება, პირბადის ტარება სავალდებულოა.

კომენტარები