პატიმარი ნომერი X

ტიკარაძე: ვერ გავუკეთებთ მობილიზაციას იმ საწოლების რაოდენობას, რომელიც ფიზიკურად არ გვაქვს

ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ სამინისტრომ საწოლფონდის მობილიზება დასავლეთის ქვეყნებს შეადარა და დაადგინა, რომ საქართველომ 100 ათას მოსახლეზე უფრო მეტი საწოლის მობილიზება შეძლო, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებმა. 

მისივე თქმით, ქვეყანაში საწოლფონდის რესურსი შეზღუდულია და ჯანდაცვის სამინისტრო შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს. 

"საწოლფონდებთან დაკავშირებით, ჩვენ პირველი ტალღიდან მოყოლებული ვამბობთ, რომ ეს რესურსიც არის შეზღუდული, ჩვენ ვერ შევაგროვებთ და ვერ გავუკეთებთ მობილიზაციას იმ საწოლების რაოდენობას, რომელიც ფიზიკურად არ გვაქვს ან ექიმები ვერ მოემსახურებიან. ჯანდაცვის სამინისტრო ვერ გააკეთებს იმას, რაც დღევანდელი რესურსით საქართველოში შეუძლებელია. ხშირად გვესმის კრიტიკა, რომ ან დროულად არ მოვემზადეთ, ან საკმარისი საწოლი არ მოვამზადეთ, ჩვენ გავაკეთეთ ანალიტიკა და შევადარეთ ჩვენ მიერ მობილიზებული საწოლები სხვა ქვეყნებში მობილიზებულ საწოლებს, გამოიკვეთა, რომ 100 000 მოსახლეზე ჩვენ მობილიზებული გვაქვს სამჯერ მეტი საწოლი, ვიდრე ეს დასავლეთის ქვეყნებს აქვთ გაკეთებული. ამიტომ, იმ შესაძლებლობის ფარგლებში რაც საქართველოში ჯანდაცვის სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს, ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, თუმცა ეს არის საკმარისი და ვთხოვთ საზოგადოებას დახმარებას, რათა ეს ვირუსი გახდეს უფრო მეტად მართვადი". – ამბობს მინისტრი. 

10 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ 54 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 2 713 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი - 12,79%-ია, ბოლო 14 დღის - 9,09%, ბოლო 7 დღის - 10,05%.

კომენტარები