საერთაშორისო სატვირთო ფრენები

თურნავა: აშშ-დან საქართველოში სატვირთო ფრენები შესრულდება

ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო

ავიაკომპანია Silk Way West Airlines-ი ჩიკაგო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სატვირთო რეისების შესრულებას იწყებს. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

"პირველი - მნიშვნელოვანია, რომ აშშ-დან თუნდაც სატვირთო ფრენები საქართველოში შესრულდება. მეორე - ეს ძალიან პოზიტიური ფაქტია ჩვენი ეკონომიკისთვის, რადგან სატვირთო გადაზიდვები, მათ შორის, საავიაციო გადაზიდვები იმატებს. 2020 – 2021 წლებში ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან კარგი დინამიკა გვქონდა". – თქვა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.  

სამინისტროს ინფორმაციით, ფრენები აღნიშნულ საჰაერო ხაზზე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის პრაქტიკაში მიღებული ე.წ. "ჰაერის მეხუთე თავისუფლების" გამოყენებით შესრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანული ავიაკომპანია აშშ-დან წამოღებული ტვირთების ნაწილს ჯერ თბილისში გადმოზიდავს, ხოლო შემდეგ - ბაქოში. შესაბამისად, ავიაგადამზიდველის თბილისში დაჯდომას კომერციული მიზნები ექნება.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში Silk Way West Airlines-ის მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, პირველი რეისი ჩიკაგო - თბილისი - ბაქოს ხაზზე 10 აგვისტოს შედგება. ფრენები ამ მიმართულებით მრავალჯერადად იგეგმება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აზერბაიჯანულ სატვირთო ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა 6 აგვისტოს მიანიჭა.

ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, ავიაკომპანია Silk Way West Airlines-ს აღნიშნული ფრენების შესრულებაზე ნებართვა მას შემდეგ მიენიჭა, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის "ჰაერის მეხუთე თავისუფლების" გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციები გაიმართა.

კომენტარები