ვალიტა გორელჩანიკი

ფიტნეს ინსტრუქტორი, რომელიც რუსთავის ქალთა ციხეში პატიმრებს პროფესიულ განათლებას უზიარებს

უკვე მეორე თვეა, რაც ფიტნეს აკადემიის დირექტორი, ვალიტა გორელჩანიკი რამდენიმე ადამიანთან ერთად N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში ყოველ შაბათს პატიმრებს ფიტნეს ინსტრუქტორობის შესახებ ლექციებს უტარებს.

ჯგუფში სულ ოცი ქალია, რომლებიც სწავლობენ, როგორც გახდნენ ფიტნეს ინსტრუქტორები და პატიმრობის ვადის მოხდის შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, ამ პროფესიით დასაქმდნენ.

ვალიტა გორელჩანიკმა პროექტის შესახებ ტაბულასთან ისაუბრა და მოგვიყვა, რომ გარდა პროფესიული განათლებისა, ლექციების პროცესში პატიმრების რეაბილიტირება ხდება და ამ მიმართულებით საკმაოდ კარგი შედეგებია.

"ეს არის საგანმანათლებლო პროექტი, პროფესიული განათლება, ჩვენ ვასწავლით მსჯავრდებულებს ფიტნესს, როგორც პროფესიას, ანუ ისინი რომ დაასრულებენ სწავლას, გათავისუფლების შემდეგ, შეუძლიათ რომ იმუშაონ. თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ გაყვნენ ამ პროფესიას განათლება ექნებათ, ყველაფერი რაც საჭიროა ამ პროფესიისთვის - ეცოდინებათ და შემდეგ უკვე მათი არჩევანია. ეს პროექტი პროფესიული განათლების მიღების გარდა, თავად რეაბილიტაციისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ჯგუფში არის პოზიტიური დინამიკა - ჩართულები არიან პროცესში და ერთობიან". – გვიყვება ის.

მისი თქმით, პროექტი 6-თვიანია და უკვე მეორე თვეა, რაც მიმდინარეობს, პატიმრებს კი, გარდა ლექციებისა, აქვთ საშინაო დავალებები, რომელთა შესრულებისთვის ერთი კვირა ეძლევათ.

"თითო კურსი არის 6-თვიანი. ის ჯგუფი, რომელიც ჩვენ უკვე გვყავს შედგება ოცი გოგოსგან. ყოველ შაბათს დავდივართ რუსთავში, ციხეში და ვუკითხავთ ლექციებს, მეორე თვეა, რაც [პროექტი] მიმდინარეობს და ძალიან კარგი შედეგები გვაქვს რეაბილიტაციის კუთხით.

მათ საშინაო დავალებები აქვთ, სულ ჩართულები არიან, ერთმანეთთან კონტაქტი აქვთ, დაინტერესებულები არიან და ეს ყველაფერი რეაბილიტაციისთვის ძალიან კარგია". –გვითხრა მან.

ვალიტა გორელჩანიკი იმედოვნებს, რომ პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ პროექტის გაგრძელება მოხერხდება, თუმცა ხაზს უსვამს იმასაც, რომ ეს ბევრ რამეზე არის დამოკიდებული.

"ჩვენ ძალიან გვინდა, რომ გავაგრძელოთ, თუმცა ეს ბევრ რამეზე არის დამოკიდებული, მათ შორის ადამიანურ რესურსებზე". – ამბობს გორელჩანიკი.

კომენტარები