დასუფთავების სამსახური

ხმალაძე დასუფთავების სამსახურის გაფიცვაზე: ეს იყო საბოტაჟი, ამას მოჰყვება შესაბამისი ზომები

"ეს არ იყო გაფიცვა, ეს იყო თანამშრომლებისთვის მუშაობაში ხელშეშლა, ეს იყო გარკვეულწილად საბოტაჟი, რაც ჩვენთვის მიუღებელია და ამას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი ზომები". – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა.

ხმალაძის თქმით, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებთან აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და გაფიცვის საფუძველი არ არსებობდა.

"აქ მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ მათი მოთხოვნების თითქმის ყველა კომპონენტში სამსახური მუშაობდა და გარკვეული პროგრესი უკვე მიღებულია. ეს იყო უკანონო გაფიცვა, რადგან გაფიცვის ფორმა დადგენილია კანონმდებლობით, რომლის დაცვაც არ მომხდარა". – თქვა ხმალაძემ

თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ხელფასის მომატებას ითხოვენ და შეუსაბამო სამუშაო პირობებზე საუბრობენ. 

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მათ მუშაობა გაუმართავი ავტომობილებითა და შეუსაბამო სამუშაო ფორმით უწევთ. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილსერვისჯგუფის თანამშრომლების ნაწილმა გაფიცვა შეწყვიტა და სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა. მერიაში აცხადებენ, რომ თანამშრომელთა მოთხოვნების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, კერძოდ, უნიფორმებისა და სპეცტექნიკის განახლების მიმართულებით გადადგმულია ნაბიჯები.

იმ თანამშრომლების მოთხოვნის საპასუხოდ, რომლებიც არსებული ხელფასის გაზრდას ითხოვენ, მერიაში ამბობენ, რომ გასული წლის დეკემბრიდან დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა ხელფასები 20%-ით უკვე  გაიზარდა. 

კომენტარები