კორონავირუსი საქართველოში

ნიდერლანდებმა საქართველოს ინფიცირების "ძალიან მაღალი რისკის ქვეყნის" სტატუსი მიანიჭა

ნიდერლანდები

ნიდერლანდებმა საქართველოს ინფიცირების ძალიან მაღალი რისკის ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, რაც ნიშნავს იმას, რომ  ნიდერლანდებში მოგზაურობის წესი საქართველოს მოქალაქეებისთვის შეიცვლება.

8 აგვისტოდან საქართველოს მოქალაქეებმა ნიდერლანდებში ტურისტული მიზნით მოგზაურობისას აცრის სერტიფიკატთან ერთად უნდა წარადგინონ Covid-19-ზე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.

ამის მიუხედავად, ნიდერლანდებს საქართველოსთვის ჯერ არ მიუნიჭებია წითელი კოდი, რაც მოიცავს COVID-19-ის გავრცელების მხრივ ყველაზე მაღალი რისკის შემცველ ქვეყნებს. 

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"გაცნობებთ, რომ 8 აგვისტოდან, ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს მიენიჭება ინფიცირების ძალიან მაღალი რისკის ქვეყნის (a very high-risk area) სტატუსი. თუმცა, საქართველოსთვის კვლავ ძალაში დარჩება ნარინჯისფერი კოდი და მას არ მიენიჭება წითელი კოდი

ეს ნიშნავს, რომ 8 აგვისტოდან საქართველოდან ნიდერლანდებში ტურისტული მიზნით შემომსვლელმა ყველა მგზავრმა უნდა წარადგინოს როგორც სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი, ასევე - Covid-19-ზე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი (სრულად ვაქცინაცია + PCR ტესტი).

გარდა ამისა, საქართველოდან ნიდერლანდებში შემოსული მგზავრების მიმართ იმოქმედებს სავალდებულო 10-დღიანი იზოლაცია/კარანტინი, რომელიც ეხება ყველას, მათ შორის ვაქცინირებულ მგზავრებსაც. იზოლაციაში მყოფ მგზავრს შეუძლია, რომ მე-5 დღეს ჩაიტაროს ტესტირება და, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, დატოვოს იზოლაცია". - ვკითხულობთ განცხადებაში

კომენტარები