თვითმართველობის არჩევნები 2021

დეკანოიძე: ახლა საუბარია არა პოლიტიკურ კონიუნქტურაზე, არამედ იმაზე, თუ საით მიდის ქვეყანა

[ვადამდელის დანიშვნა ქართულ ოცნებას] აუცილებლად მოუწევს, რადგან, ჩვენ რასაც ვაპირებთ, ამას ვგეგმავთ საქართველოს ყველა მოქალაქის თანამონაწილეობით – იმიტომ, რომ ახლა არ არის საუბარი პოლიტიკური კონიუნქტურის რაობაზე, ახლა საუბარია იმაზე, თუ სად მიდის ეს ქვეყანა და სად დაასრულებს ამ ქვეყნის და ჩვენი მომავალი თაობა. ეს იქნება ის ძალიან მძიმე უკუნი, საიდანაც ვეღარ გამოვალთ, ამიტომ, ჩვენ ასეთი ზღვარი გვაქვს: ან ქვეყანას ვტოვებთ უფსკრულში, ან ყველა ერთად, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ვისწრაფვით დემოკრატიისა და დასავლეთისკენ. საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი და, რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც [ქართული ოცნება] დარჩება იმ ნიშნულზე, რომელიც მათ ძალიან არ უნდათ – და ეს არ იქნება 43% ან ცოტა უფრო ქვემოთ – ეს იქნება საკმაოდ [დაბალი] ნიშნული, მაშინ, ცხადია, მათ ლეგიტიმაციისთვის მოუწევთ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.

პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ, კომენტარი ტვ პირველის ეთერში გააკეთა. დეკანოიძე გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც მან აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებული, მიუხედავად იმისა, აიღებს ქართული ოცნება ლელოსავით 3%-ს თუ 93%-ს.

კომენტარები