ვარლამ ლიპარტელიანი

"დგება მომენტი, როცა რაღაც სრულდება" – ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა, სპორტული კარიერა დაასრულა.  ამის შესახებ მან Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა.

"მადლობა ღმერთს იმისთვის, რაც მომცა დღემდე. იყო ბევრი სიხარული, ბევრი გულის ტკენა, მაგრამ ამ ყველაფერმა მე ძალიან გამაძლიერა, როგორც პიროვნება. 

მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს, ჩემს შვილებს, რომლებმაც ჩემს ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულეს! ვამაყობ თქვენით, მადლობა ყველას, ვინც დღემდე გვერდში მედგა - ვერასდროს გადავიხდი თქვენს ამაგს. 

მაგრამ დგება ცხოვრებაში მომენტი, როცა რაღაც მთავრდება და ეს ის დღეა, როცა ჩემთვის სპორტული კარიერა დასრულდა. ვერასდროს გადავიხდი თქვენს ამაგს, ერთგულო გულშემატკივრებო. ვერ შევძელი, ვიცი, თქვენი გახარება.

მტკივა მაგრად ეს ყველაფერი და ალბათ დიდხანს გამყვება ცხოვრებაში, უბრალოდ, შეუძლებელია, ყველაფერი თქვა ამ დროს, მაგრამ მინდა, იცოდეთ, რომ უზომოდ მიყვარხართ.
იმედია, სხვა ცხოვრებაში იქნებ ცოტათი მაინც შევძლო თქვენი გახარება.

ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ვერ ვახერხებ. იმედია, ოდესმე შევძლებ, რო ყველაფერი გითხრათ ყველას", - წერს ლიპარტელიანი.

დღეს, 29 ივლისს, ვარლამ ლიპარტელიანი ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალში დამარცხდა.

კომენტარები