ქართული ოცნება

იონათამიშვილი: ჟიგიმანტას პავილიონისი არაა საქართველოს მეგობარი პოლიტიკოსი

პარლამენტი

ქართული ოცნების წევრის, რატი იონათამიშვილის თქმით, ლიტვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი "საქართველოს მეგობარი პოლიტიკოსი არაა". იონათამიშვილის მტკიცებით, პავილიონისის განცხადებები რუსეთის ინტერესებს ემსახურება, რაც, მისივე თქმით, დეოკუპაციის და დემოკრატიის თვალსაზრისით, ნაცმოძრაობის იდენტურია. ამის შესახებ ოცნების წევრი საკუთარ Facebook გვერდზე წერს.

"პავილიონისი არ არის საქართველოს მეგობარი პოლიტიკოსი – მისი განცხადებები ხშირად ემსახურება რუსეთის ინტერესებს, რაც დეოკუპაციის და დემოკრატიის თვალსაზრისით, ნაცმოძრაობის იდენტურია. რამდენიმე თვის წინ, როდესაც პავილიონისმა გაიმეორა ლავროვის სიტყვები და გვითხრა, რომ აფხაზეთი დავკარგეთ, რასაც, თურმე, უნდა შევეგუოთ, უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა თავისი ქვეყნის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლებმაც მის ნაცვლად მოიხადეს ბოდიში. თავად პავილიონისს და მის მეგობარ ნაციონალურ მოძრაობას კი ხმაც არ ამოუღიათ. ახლა, ნაცების მეგობარი ჩვენ "გვარიგებს ჭკუას" მედიის თავისუფლებაზე. იმ პარტიის მეგობარი, ვინც სპეცნაზით იჭრებოდა დამოუკიდებელ მედიაში, რეპრესიებს ახორციელებდა განსხვავებულ აზრზე და მოდელირებული ქრონიკით იწონებდა თავს...

როდესაც ფაქტებს ამახინჯებ, ეს სუბიექტურობაზე და მიკერძოებაზე მიუთითებს. ქართული ოცნების მმართველობის პირობებში (როგორც არასდროს, დამოუკიდებლობის შემდეგ) ქვეყანაში დაუბრკოლებლად მაუწყებლობს მინიმუმ 5 ოპოზიციური ნაციონალური მაუწყებელი, არაერთი ბეჭდური თუ ონლაინ მედია და უმაღლესი სტანდარტით არის დაცული საქართველოს ყველა მოქალაქის სიტყვის თავისუფლება. ვინც ამას ვერ ხედავს, ის ან ქართული დემოკრატიის მტერია, ან ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას აღიქვამს საფრთხედ. ფაქტია, რომ პავილიონისის სახით ნაცმოძრაობას და ოკუპანტ ქვეყანას საერთო გარესპიკერი ყავთ". – წერს რატი იონათამიშვილი.

ლიტვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისიმა ტელეკომპანია მთავარის ეთერში 5 ივლისის ძალადობასა და შემდეგომ პერიოდში საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. პავილიონისის თანახმად, დემოკრატიულ სახელმწიფოში ოპოზიციას რადიკალურ ძალად არ მოიხსენიებენ, ყველას არც პატივს სცემენ, ხოლო მედიასა და სიტყვის თავისუფლებაზე შეტევა ავტოკრატიაზე მიუთითებს.

"ვიმედოვნებ, მთავრობა ამ რადიკალიზმს შეაჩერებს, 5 ივლისის ძალადობაზე შესაბამის გამოძიებას ჩაატარებს, მოსპობს სიძულვილის ენას და ძალადობას, რომელიც ძალიან შესამჩნევი გახდა. დემოკრატიაში ოპოზიციას რადიკალურ ძალად არ მოიხსენიებენ, ყველა აზრს პატივს სცემენ, ცდილობენ, საუკეთესო გამოსავალი იპოვონ. იგივე ეხება მედიასა და სიტყვის თავისუფლებას, როდესაც მედიასა და სიტყვის თავისუფლებაზე შეტევას მიიტან, ეს ავტოკრატიაზე მიუთითებს. მედიისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების დაცვა მიუთითებს, რომ შენ განსხვავებული აზრის, განსხვავებული შეხედულებისა და კრიტიკის არ გეშინია.

საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა ქნას, რომ სიძულვილი და ძალადობა შეაჩეროს, გამოავლინოს ორგანიზატორები, რომლებიც, ჩვენი ინფორმაციით, რუსეთთან კავშირში არიან, ჩვენ გვჭირდება საქართველო, სადაც დემოკრატიულ პრინციპებს, ჟურნალისტების თავისუფალ სიტყვასა და უმცირესობას იცავენ. არავის აქვს უფლება, ჟურნალისტს მოქმედების საშუალება შეუზღუდოს, კანონის უზენაესობა ყველას უნდა შეეხოს, რუსული მეთოდებით პრობლემების მოგვარება არ შეიძლება, ეს კი ნიშნავს, რომ უნდა იყოთ დემოკრატიული და ერთიანი." – თქვა პავილიონისმა. (გამოყენებულია ტელეკომპანია მთავარის თარგმანი)

კომენტარები