ხორვატია-სერბეთი

თუ ხორვატია ევროზონაში შევა, ევროზე ტესლას გამოსახვა სურს – სერბეთი წინააღმდეგია

ნიკოლა ტესლა

ხორვატიას, ევროზონაში შესვლის შემთხვევაში, ევროს მონეტაზე მეცნიერი და გამომგონებელი ნიკოლა ტესლას გამოსახვა უნდა, თუმცა ამ სურვილს სერბეთის ეროვნული ბანკი ეწინააღმდეგება და "მიუღებელს" უწოდებს.

ბელგრადის ცენტრალური ბანკის განცხადების მიხედვით, ზაგრების გეგმა არის "სერბი ხალხის კულტურული და სამეცნიერო მემკვიდრეობის მითვისების მცდელობა". 

ეთნიკურად სერბი გამომგონებელი, ნიკოლა ტესლა 1856 წელს დაიბადა ავსტრიის იმპერიაში, ქალაქ ზაგრებში, რომელიც დღეს ხორვატიის დედაქალაქია. ამიტომ, ხორვატიასა და სერბეთს შორის მუდამ უთანხმოებაა ნიკოლა ტესლას პიროვნულ მემკვიდრეობაზე. 

ხორვატიის პრემიერმინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა, 23 ივლისს თქვა, რომ ვერ ხვდება ვინმესთვის რატომ შეიძლება იყოს პრობლემა, გამოსახონ ტესლა იმ ქვეყნის ევროზე, სადაც დაიბადა. მისი თქმით, ეს სერბეთის გადასაწყვეტი არაა.

საპასუხოდ სერბეთის ბანკი ამტკიცებს, რომ ნიკოლა ტესლა თავს სერბად აღიქვამდა.

1891 წელს ნიკოლა ტესლამ აშშ-ს მოქალაქეობა მიიღო და აქ 1943 წელს გარდაიცვალა. მისი ფერფლი 1957 წელს სერბეთის დედაქალაქში, ბელგრადში გადაასვენეს და დღესაც აქ იმყოფება.

ბელგრადის ცენტრალური ბანკის თქმით, ისინი შესაფერის ზომებს მიმართავენ ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუციების მიმართ, რათა ხაზი გაესვას ხორვატიის გადაწყვეტილების მიუღებლობას.

ხორვატიის ევროზონაში შესვლა მოსალოდნელია, მინიმუმ, 2023 წლისთვის. 

ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით, ევროს მონეტებს ერთი მხარე საერთო აქვთ, მეორეზე კი ეროვნული თემატიკის გამოსახულებებია.

ორგანიზაციის რეგულაციების მიხედვით, მონეტის ეროვნულ მხარეზე საჭიროა წევრი ქვეყნების თანხმობა, მაგრამ არაა საუბარი ევროკავშირის გარეთ მყოფი ქვეყნების შეხედულებების შესახებ.

~

კომენტარები