კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი

იაპონური კომპანია კოვიდ-19-ის სამკურნალო მედიკამენტის ტესტირებას იწყებს

იაპონურმა კომპანიამ საკუთარი წარმოების კორონავირუსის სამკურნალო აბის ადამიანებზე გამოცდა დაიწყო. ამის შესახებ WSJ იუწყება.

ოსაკაში დაფუძნებული შიონოგი, ფაიზერისა და მერკის შემდეგ, მესამე კომპანიაა, რომლის მიერ წარმოებულმა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატმა ამ ფაზამდე მიაღწია. აღსანიშნავია, რომ შიონოგი ქოლესტეროლის დონის დასარეგულირებელი ცნობილი მედიკამენტის, კრესტორის შემქმნელია. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი კოვიდ-მედიკამენტი დღეში ერთხელ, ორალური გზით იქნება მისაღები. რამდენიმე კვირის წინ დაწყებული ცდები, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გასტანს და პროცესში, მეცნიერები, წამლის მიერ გამოწვეულ ყველა შესაძლო უარყოფით მოვლენას დააკვირდებიან.

შიონოგი დროის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად ჩამორჩება როგორც ფაიზერს, ისე მერკს – ორივე მწარმოებელმა თავიანთი კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატების ადამიანებზე გამოცდა თვეების წინ დაიწყეს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ფაიზერის აბი, რომელიც დღეში ორჯერ მიიღება, ბაზარზე ჩასაშვებად მზად, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის იქნება.

ამ მომენტისთვის, მედიკამენტები, რომლებიც კოვიდ-19-ის მიმდინარეობისას ინიშნება, მხოლოდ ნაწილობრივ ეფექტიანები არიან და მეტწილად კლინიკურად მძიმე პაციენტებში გამოიყენება. ასეთია რემდესივირი, მონოკლონალურ ანტისხეულებზე დაფუძნებული წამლები და დექსამეტაზონი. მოსალოდნელია, რომ უშუალოდ კოვიდ-19-ზე მორგებული მედიკამენტი მკურნალობის პროცესში ადრეული ეტაპიდან ჩაერთვება და მეტად ეფექტიანი იქნება. 

კომენტარები