ქართული ღვინის ექსპორტი

სად, რამდენი და რა ფასად გადის ქართული ღვინო ექსპორტზე – მიმოხილვა

2020 წელს საქართველოდან ექსპორტზე 91.7 მილიონი ბოთლი ღვინო გავიდა, რაც, 2019 წელთან შედარებით, მხოლოდ 1.9%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

PMC Research-ის კვლევის მიხედვით, ქართული ღვინის ინდუსტრიის სიმტკიცე პანდემიის წლის ფონზე, სიურპრიზი არ არის, რადგან სექტორი ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. მეტიც, 2020 წელს 1.9%-იანი შემცირების შემდეგ, 2021 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში ღვინის ექსპორტი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14.6%-ით, 40-დან 46 მილიონ ბოთლამდე გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ახლა უფრო მეტი ღვინო გააქვს ექსპორტზე, ვიდრე პანდემიამდე. 

ნიშანდობლივია ისიც, რომ 2011-2019 წლების პერიოდში ღვინის ექსპორტი, წლიურად, საშუალოდ 19.5%-ით იზრდებოდა, ყველაზე დიდი ზრდა კი – 54.4% – 2016-2017 წლების პერიოდში დაფიქსირდა. 

2011-2020 წლების პერიოდში, ექსპორტზე გატანილი ერთი ბოთლი ქართული ღვინის საშუალო ფასი $2.46 დოლარს შეადგენს. უფრო დეტალურად, 2012–2014 წლებში ბოთლის ფასი $2.95 დოლარამდეც გაიზარდა, თუმცა 2016-2020 წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა და $2.2-2.4 დოლარის ფარგლებში დაფიქსირდა. საინტერესოა, რომ მსოფლიოს მასშტაბით, ერთი ბოთლი ღვინის საექსპორტო, საშუალო ფასი $2.59 დოლარია,  წელს კი ქართული ღვინო $2.38 დოლარად იყიდებოდა. 

ქართული ღვინის ინდუსტრია მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსეთზე. კერძოდ, 2016-2020 წლებში, ღვინის ჯამური ექსპორტის 57.5% სწორედ რუსეთზე მოდიოდა. სხვა ქვეყნები, რომლებიც ყველაზე დიდი მოცულობით ყიდულობენ ქართულ ღვინოს, არიან:

  • უკრაინა – 12%-იანი წილი ჯამურ ქართულ ექსპორტში 2016-2020 წლებში;
  • ევროკავშირი – 9.2%
  • ჩინეთი – 7.7%
  • ყაზახეთი – 4.3%
  • ბელარუსი – 2.9%

სავარაუდოა, რომ ღვინის ექსპორტში ზრდის პოტენციალი ჯერ კიდევ უხვად არსებობს: 2011-2019 წლებში, ღვინის ინდუსტრიის ჯამური ბრუნვა, გამოხატული ლარებში, გაოთხმაგდა.

 

კომენტარები