ოლიმპიადა

ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის რეჟისორი წარსულში ჰოლოკოსტის დაცინვის გამო გაათავისუფლეს

კენტარო კობაიაში
The Coronet Theatre

ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის რეჟისორი კენტარო კობაიაში გაათავისუფლეს. ტოკიო 2020-ის პრეზიდენტის სეიკო ჰაშიმოტოს ცნობით, კობაიაში წარსულში ჰოლოკოსტზე დამცინავი კომენტარების გამო გაათავისუფლეს. ჰაშიმოტოს თქმით, კობაიაშის სიტყვები "ისტორიის მტკივნეულ ფაქტებს" აბუჩად იგდებს.

კობაიაში ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამდე ერთი დღით ადრე გაათავისუფლეს. ცერემონია 23 ივლისს გაიმართება.

კენტარო კობაიაში კომიკოსი, მსახიობი და მანგაკაა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა 1990-იანი წლების საბავშვო გადაცემის ვიდეო. ვიდეოში ის მეორე მსახიობს ქაღალდის თოჯინებზე მიანიშნებს და სთავაზობს "ჰოლოკოსტობანა ითამაშონ".

მას 1998 წელს სატელევიზიო გასართობ გადაცემაში ჰოლოკოსტზე ხუმრობასა და დამცინავ კომენტარებში ადანაშაულებენ. ერთ-ერთი ფრაზა, რომელიც კობაიაშიმ თქვა იყო "მოდი ჰოლოკოსტობანა ვითამაშოთ".

თანამდებობიდან გათავისუფლებას კობაიაში ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.

"გასართობმა გადაცემებმა ადამიანებს უხერხულობა არ უნდა შეუქმნას. მესმის, რომ ჩემი ცუდად შერჩეული სიტყვები არასწორი იყო და ვნანობ". – ნათქვამია განცხადებაში.

გასულ კვირას, თანამდებობიდან გაათავისუფლეს კომპოზიტორი კეიგო ოიამადა, რომლის მუსიკაც ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე უნდა გამოეყენებინათ. ოიამადას გათავისუფლების მიზეზი გახდა ის, რომ ინტერვიუში სკოლის პერიოდში კლასელების დაჩაგვრით ტრაბახობდა.

აღსანიშნავია, რომ კეიგო კობიაში გახსნის ცერემონიის რეჟისორად მისი წინამორბედის, ჰიროში სასაკის გადადგომის შემდეგ დანიშნეს. ჰიროში სასაკიმ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც იაპონელ მსახიობზე მის კომენტარს კრიტიკა მოჰყვა. სასაკიმ ნაომი ვატანაბეზე თქვა, რომ მას შეეძლო, "ოლიმპიური ღორის" როლი შეესრულებინა.

კომენტარები