აშშ

FP: საქართველოში აშშ-ს ყოფილ ელჩს ბაიდენი სახდეპის მაღალ თანამდებობაზე წარადგენს

ჯონ ბასი
Getty Images

გამოცემა Foreign Policy-ს (FP) ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალ თანამდებობაზე, კერძოდ მენეჯმენტის მდივნის მოადგილედ წარადგენს ჯონ ბასს, დიპლომატს, რომელიც იყო აშშ-ს ელჩი საქართველოში, თურქეთსა და ავღანეთში. გამოცემა ამ ინფორმაციას თეთრი სახლის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

"აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მნიშვნელოვან თანამდებობაზე დიდი კარიერის მქონე დიპლომატის, ჯონ ბასის წარდგენას აპირებს, რაც არის მისი ადმინისტრაციის მიერ დემორალიზებული დიპლომატიური კორპუსის გამოცოცხლების მცდელობა" – წერს Foreign Policy.

გამოცემა ფიქრობს, რომ ბასს სენატი ამ თანამდებობაზე დაამტკიცებს, მისი როლი დიდი იქნება აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში და უცხოეთში მოღვაწე ამერიკელი დიპლომატების თავდაჯერებას გაზრდის. 

ჯონ ბასი თავის კარიერის განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყნებში განსაკუთრებით კრიტიკულ მომენტებში იყო ელჩად მივლენილი. საქართველოში ის აშშ-ს ელჩად 2008 წლის ომის შემდეგ დაინიშნა. ამ თანამდებობას ის 2009-2012 წლებში იკავებდა. თურქეთში მისი ელჩობის პერიოდი დაემთხვა აშშ-ს დაძაბულ ურთიერთობას რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, ავღანეთში კი – ყველაზე კრიტიკულ მომენტს, აშშ-ს ჯარების ქვეყნიდან გამოყვანის პერიოდს. 

თუკი ბასს წარდგენილ თანამდებობაზე დანიშნავენ, ის დიდი გამოწვევის წინაშე დადგება და მოუწევს მოაგვაროს ისეთი პრობლემები, რომლებიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ჯერ კიდევ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამდე იყო შექმნილი.

კომენტარები