ჟურნალისტებზე ძალადობა

დამენია: კალაძემ, ფაქტობრივად, ტოლობის ნიშანი დასვა მოძალადეებსა და ჟურნალისტებს შორის

ევროპული საქართველო

"კალაძემ, ფაქტობრივად, ტოლობის ნიშანი დასვა მოძალადეებსა და ჟურნალისტებს შორის". – ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი წევრი, ლაშა დამენია თბილისის მერობის კანდიდატზე, კახა კალაძეზე.  

"თუმცა, არც იყო რაიმე მოსალოდნელი იმ ხელისუფლებისაგან, რომელმაც 5 ივლისს, ფაქტობრივად, სასაკლაო მოუწყო ჟურნალისტებს და მსოფლიოში უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ერთ ლოკაციაზე, ერთი და იგივე დღეს, 53 ჟურნალისტს მოუწყვეს ასეთი ცემა-ტყეპა. 

ამიტომ, აუცილებელია ქართულმა საზოგადოებამ ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ არჩევნების გზით ქართული ოცნება იძულებული გავხადოთ დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და პირწმინდად დავამარცხოთ ისინი ამ არჩევნებზე, რათა რაც შეიძლება მალე მოშორდეს ხელისუფლებას ეს მოძალადე და პროპუტინური ძალებისაგან შემდგარი ქართული ოცნების ხელისუფლება". – ამბობს დამენია. 

გუშინ, 20 ივლისს კახა კალაძემ მედიაზე საუბრისას თქვა, რომ "არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც, სამწუხაროდ, მთელი წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა ჩვენს საზოგადოებაში". 

ქართულმა ოცნებამ მერობის კანდიდატი, კახა კალაძე ოფიციალურად წარადგინა. წარდგენაზე მისული ოცნების წევრები და მხარდამჭერები კრიტიკული მედიის წარმომადგელების მიმართ აგრესიულები იყვნენ - მათ კითხვებს პასუხს არ სცემდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტო ჟურნალისტს გამოგლიჯა და დახია. თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ ჟურნალისტებს მასზე უძალადიათ. "ყარხართ, თქვენ ხართ ნაგავი, სამარცხვინოები, ნაძირალები" - ამ სიტყვებით კი ჟურნალისტებს გოგა ხაინდრავამ მიმართა.  

კომენტარები