მარნეული

მარნეულში კაცმა ყოფილი ცოლი და სიმამრი მოკლა, ცოლის ძმა და სიდედრი კი დაჭრა

Tabula

მარნეულში კაცმა ყოფილი ცოლი და სიმამრი მოკლა, ცოლის ძმა და სიდედრი კი დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე 1992 წელს დაბადებული ე.ა დააკავეს.  

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 ივლისს, ღამით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ყოფილი მეუღლე - 1994 წელს დაბადებული გ.პ. და მამამისი - 1969 წელს დაბადებული ი.პ. მათსავე საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა, ხოლო იქვე მყოფი გ.პ.-ის დედის - 1974 წელს დაბადებულ ს.ა. -ს და ყოფილი მეუღლის ძმის - 1996 წელს დაბადებული ა.პ. - ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკვლას შეეცადა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა". – წერია განცხადებაში.  

უწყების ცნობით, დაჭრილი დედა-შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს - მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  

"სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო". – წერია განცხადებაში. 

უწყების ინფორმაციით, ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, ასევე, 11 პრიმა-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები