IMF-ის შეფასება

საერთაშორისო სავალუტო ფონდი წელს საქართველოს ეკონომიკის 7.7%-იან ზრდას პროგნოზირებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უახლესი მიმოხილვის საფუძველზე დასკვნას ავრცელებს, სადაც 2021 წელს ქართული ეკონომიკის 7.7%-იანი ზრდას პროგნოზირებს

დოკუმენტის მიხედვით, ყოველთვიური შეფასებითი მაჩვენებლები 2021 წლის მეორე კვარტალში სწრაფ ზრდაზე მიუთითებს, რის შედეგადაც 2021 წლიური ზრდა 7.7%-ს მიაღწევს. შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ პროგნოზირებული 2021-ის ზრდა 3.5% იყო. 

"ეს მნიშვნელოვნად მომატებული ზრდის ტემპია, იმასთან შედარებით, რასაც რამდენიმე თვის წინ ველოდით და გულისხმობს, რომ ეკონომიკის გამოშვება 2021 წელს 2019 წლის დონეს გადააჭარბებს". – აცხადებენ ფონდში.

"ელექტრონული ფულადი გადმორიცხვების და ექსპორტის სწრაფი ზრდა, ასევე ტურიზმის მოსალოდნელზე მაღალი ზრდა ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას, რომელიც 2020 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ივნისში წლიური ინფლაცია 9.9 პროცენტამდე დაჩქარდა, რაც, მეტწილად, კომუნალური მომსახურების ფასების მატებას, სასაქონლო ჯგუფებზე გაზრდილ ფასებსა და მაღალ შუალედურ ხარჯებს ასახავს. მოსალოდნელია, რომ მაღალი ინფლაცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება, ხოლო 2022 წლის განმავლობაში, დროებითი ფაქტორების მილევის ფონზე, სწრაფად შემცირდება". – ნათქვამია დასკვნაში.

დოკუმენტის მიხედვით, 2021 წლის ბოლოს ინფლაცია 9.4%-იან ნიშნულზე იქნება, გასაშუალოებული წლიური კი – 7.3%-ზე. 

კომენტარები