დიდი ბრიტანეთი

რუსული ონლაინთამაშის დასახვეწად ბრიტანული ტანკის საიდუმლო ინფორმაცია ფორუმზე დადეს

ბრიტანული ტანკი Challenger 2 ერაყში

რუსული ონლაინთამაშის War Thunder-ის ფორუმზე ბრიტანეთის არმიის მთავარი ტანკის Challenger 2-ის საიდუმლო ინფორმაცია გაიჟონა. War Thunder-ი არის ონლაინთამაში, რომელშიც მოთამაშეებს ერთმანეთის წინააღმდეგ სხვადასხვა საბრძოლო ტექნიკის გამოყენება შეუძლიათ. 

საიდუმლო დეტალები ბრიტანული ტანკის შესახებ War Thunder-ის უკმაყოფილო მოთამაშემ გამოაქვეყნა. მისი თქმით, თამაშის დეველოპერებს ტანკი არასწორად ჰქონდათ აწყობილი და მის შესაძლებლობებს აკნინებდნენ. მან ბრიტანული ტანკის შესახებ არსებული საიდუმლო დეტალები არგუმენტად გამოიყენა და თამაშის დეველოპერებს მისი დახვეწა ურჩია. 

დოკუმენტები, რომლებიც მოთამაშემ გამოაქვეყნა, რედაქტირებული იყო. ტექსტის ზოგიერთი ნაწილი გაშავებული, ხოლო მისი საიდუმლოების სტატუსი შეცვლილი იყო. 

The Guardian-ის ცნობით, ონლაინთამაშის ფორუმზე ატვირთული ინფორმაცია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვისა და დახმარების დივიზიამ შეამოწმა და როგორც მათ თქვეს, ეს დოკუმენტი ნამდვილი იყო. ტანკის შესახებ არსებული დეტალები აქამდე ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში არ გამოქვეყნებულა. 

მოთამაშე თამაშს Tidworth-ის ზედმეტსახელით თამაშობდა. ის Challenger 2-ის ტანკისტად იდენტიფიცირდებოდა. მოთამაშის თქმით, დოკუმენტი უილტშაირის ტიდვორთის გარნიზონის კუთვნილება იყო. 

თამაშის დეველოპერების ჯგუფმა გამოქვეყნებული ინფორმაცია საკუთარი ფორუმიდან აიღო, მას შემდეგ, რაც დოკუმენტების მნიშვნელობა ცხადი გახდა.

"[ბრიტანეთის] თავდაცვის სამინისტროსგან წერილობითი დასტური გვაქვს, რომ დოკუმენტი ჯერ კიდევ გასაიდუმლოებულია. მისი გავრცელებით არღვევთ ოფიციალური საიდუმლოების აქტს, რის შესახებ გაფრთხილება დოკუმენტის ყდაზეც წერია. ეს არის დანაშაული, რომელიც გასამართლების შემთხვევაში, შესაძლოა, 14-წლიანი პატიმრობითაც კი დაისაჯოს. ყოველთვის, როცა მსგავს რამეს აქვეყნებთ, ჩვენ და განსაკუთრებით გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებს მდუღარე წყალში ყრით, რადგან გაფრთხილების მიხედვით, საიდუმლო დოკუმენტის უკანონო შენახვა არის დანაშაული". – დაწერა თამაშის მფლობელმა კომპანიამ.

თამაში კომპანია Gaijin Entertainment-ს ეკუთვნის, რომელიც კვიპროსშია გაფორმებული, თუმცა რუსული კომპანიაა და ოფისები რუსეთშიც აქვთ.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთი Challenger 2-ის დიდ მოდიფიკაციის პროექტს იწყებს, რისთვისაც 800 მილიონი ფუნტი სტერლინგი არის გამოყოფილი.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა საიდუმლო დოკუმენტთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა, თუმცა თქვა, რომ თუკი ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, გამოძიება დაიწყება და ჩატარდება ქმედებები, რომლებიც მსგავსი შემთხვევის განმეორებას შეზღუდავს. 

კომენტარები