ოპერატორის გარდაცვალება

მეუფე ანტონი ჟურნალისტებს: თქვე მოძალადეებო, ხალხის სიმებს ეხებით, [ცემა] დაიმსახურეთ

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა მედიის წარმომადგენლებს მოძალადეები უწოდა და ტვ პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაშიც მედია დაადანაშაულა. მეუფე ანტონის თქმით, 5 ივლისის ძალადობრივი ქმეებებისას ჟურნალისტებმა ცემა დაიმსახურეს. მისივე მტკიცებით, მედია ქვეყნის უმრავლესობას "ღირსებას ულახავს".

ჟურნალისტის ჩაკითხვაზე, ამბობს თუ არა მეუფე, რომ მედიაზე ძალადობა გაამართლა და ჟურნალისტებმა ცემა დაიმსახურეს, მეუფე ანტონმა ჟურნალისტს სახეზე თითი შეახო და თქვა, – "პი-პი-პიპ. ხელით გეხები კი არა – დავაპიპინე".

"გვიწევს მოწოდება ხალხის, რადგან გვახვევთ თავზე. თქვენ ახალისებდით ყველაფერს, თქვენ ახალისებთ გარყვნილებას, თქვე მოძალადეებო, თქვენ უწევთ პროპაგანდას თითოეული თქვენგანი. თქვენ გარდააცვალეთ [ლექსო ლაშქარავა] თქვენზეა პასუხისმგებლობა, იცით რუსთაველზე რომ გამოხვალთ, ხალხის სიმებს ეხებით, სწირავთ, თქვენ ხართ პასუხისმგებელი მის მკვლელობაზე. რატო გვილახავთ ღირსებას უმრავლესობას. უმრავლესობაზე ძალადობთ, თქვე მოძალადეებო, თქვენ სახელს ჩვენ ნუ გვარქმევთ. [ცემა] დაიმსახურეთ. თქვენ მოგწონთ რომ ძალადობთ ჩვენზე?". – ამბობს მეუფე ანტონი.

11 ივლისს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის საელჩოებს მიმართა: "რაიო? შეურაცყობილები ვართო, რატომ არ გამოიყვანეთ სპეცტექნიკა, რომლითაც აღჭურვეთო? რატომ არ იძალადეთ უმრავლესობაზეო? ერთი ჟურნალისტი დაიღუპა და რა ამბავში ხართ და იმ მასობრივ არეულობაში რაც მოხდებოდა, დაგაკმაყოფილებდათ, ვამპირებო?".

დღეს, 13 ივლისს კი თქვა – "სპეცტექნიკა რომ გამოეყვანათ და რასაც ითხოვდა ეს ელჩი, რომელიც დაგვიჯდა აქ და თითებს გვიქნევს, თვითონ მოძალადეები, აქეთ რომ გვიწოდებენ მოძალადეებს, ტვინი რომ გამოგირეცხეს ნარკოტიკებით და ფსიქოტროპული წამლებით".

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პარლამენტთან გამართული აქციის ორგანიზატორები პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის, მთავრობისა და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვენ. 

TV პირველის გადამღებ ჯგუფზე ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთი ორკი ჰყავს დაკავებული. ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას თქმით, მათ ოცამდე მოძალადე სცემდა.

კომენტარები