მოლდოვა

მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტის პროდასავლური პარტია იმარჯვებს

მოქმედების და სოლიდარობის პარტიის (PAS) ლიდერები და კანდიდატები პარტიის საარჩევნო კამპანიის დაწყების ღონისძიებაზე. 5 ივნისი, 2021
EPA/Doru Dumitru

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მაია სანდუს პროდასავლური პარტია მოქმედება და სოლიდარობა (PAS) იმარჯვებს.

დათვლილია ხმების 99.63%. წინასწარი შედეგებით, პარლამენტში მხოლოდ სამი პარტია შევა. სანდუს პარტიამ ხმათა 52.60% მოიპოვა, მოქმედება და სოლიდარობის პარტიის მთავარმა კონკურენტმა, დოდონის კომუნისტების და სოციალისტების საარჩევნო ბლოკმა – 27.32%, ბიზნესმენ ილან შორის პარტიამ კი –  5.77%.

ილან შორს თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში სდებენ ბრალს, ბიზნესმენი ბრალდებებს უარყოფს.

სანდუს იმედი აქვს, რომ პარლამენტის 101 მანდატიდან უმრავლესობას მოიპოვებს, რაც რეფორმების გატარების საშუალებას მისცემს. სანდუს თქმით, რეფორმების ყოფილი პრეზიდენტის, პრორუსი იგორ დოდონის მოკავშირეები ბლოკავდნენ.

მაია სანდუ გეგმავს, საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ, რაც შეიძლება მალე დაამტკიცოს მოლდოვის ახალი მთავრობა. პარლამენტში მანდატების ზუსტი განაწილება ჯერჯერობით უცნობია. ხმები, რომლებიც იმ პარტიებმა აიღეს, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს, პარლამენტში შესულ სამ პარტიას შორის გადანაწილდება.

მაია სანდუმ პრორუსი იგორ დოდონი საპრეზიდენტო არჩევნებში გასულ წელს დაამარცხა. თუმცა, 2019 წელს არჩეულ პარლამენტში სანდუს პარტიას 101-იდან მხოლოდ 15 მანდატი ჰქონდა, ხოლო დოდონის სოციალისტების პარტია პარლამენტში 37 მანდატს ფლობდა და მოკავშირეებთან ერთად 54-მანდატიან უმრავლესობის კოალიციას აკონტროლებდა.

2020 წლის აპრილში, მას შემდეგ რაც მთავრობის ჩამოყალიბების მცდელობა ორჯერ წარუმატებლად დასრულდა, მაია სანდუმ პარლამენტი დაშალა და ვადამდელი არჩევნები დაინიშნა.

კომენტარები