ოპერატორის გარდაცვალება

ეთიკის ქარტია: დადგეს შს მინისტრის და პრემიერმინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა

ლექსო ლაშქარავა
TV პირველი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ქარტია უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ 5 ივნისს ხელისუფლებამ ძალადობის აღსაკვეთად შესაბამისი ზომები არ მიიღო და რიგ შემთხვევაში ძალადობა წაახალისა და შინაგან საქმეთა მინისტრის და პრემიერმინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ არ მიიღო სათანადო ზომები ძალადობის აღსაკვეთად და რიგ შემთხვევებში მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების განცხადებებმა წაახალისა კიდეც ძალადობრივი ჯგუფების ქმედებები.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლისს ვერ დაიცვა ჟურნალისტები ფიზიკური ძალადობისგან, ასევე ვერ უზრუნველყო მედიის უსაფრთხო საქმიანობა. ამ დრომდე გამოუძიებელია ჟურნალისტებზე თავდასხმის, მედიის საქმიანობის ხელშეშლის და ძალადობის ფაქტების უმრავლესობა, არ ხდება ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხის გამოკვეთა. 

მოძალადე ჯგუფები კვლავ განაგრძობენ მედიასთან  ორგანიზებულად სიძულვილის ენით საუბარს, რაც ახალისებს ძალადობას." - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოითხოვს:

  • ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა შეწყდეს ორგანიზებული ძალადობა მედიაზე;  
  • დაისაჯონ ძალადობრივი აქციის არა მარტო მონაწილეები, არამედ  ორგანიზატორებიც;
  • ეფექტიანად მოხდეს მედიაზე ორგანიზებული თავდასხმის 50-მდე ფაქტზე რეაგირება;  
  • დაიწყოს მედიის მისამართით გაჟღერებულ მუქარის შემცველ შეტყობინებებზე მოკვლევა;
  • ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სიძულვილის ენით საუბარი მედიასთან, დაიცვას კანონი და ჟურნალისტები;
  • დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრის და პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  ლაშქარავას ექსპერტიზა უტარდება. 

შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ო.გ. და ც.ჩ.. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

TV პირველის ოპერატორის გარდაცვალების შემდეგ პარლამენტის წინ აქცია ჩაინიშნა

"გადადგეს მკვლელი მთავრობა" – ამ სახელწოდებით აქცია 6 საათზე გაიმართება. 

"მოვითხოვთ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომას;
2. მოვითხოვთ მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიებას;
3. მოვითხოვთ ყველა იმ მოძალადის დაკავებას და კანონის სრული სიმკაცრით დასჯას, რომლებიც ლექსოს დაესხნენ თავს!" – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები