ოპერატორის გარდაცვალება

SJC: ეს ტრაგედია აჩვენებს 5-6 ივლისის ძალადობის სისასტიკეს და ხელისუფლების უპასუხისმგებლობას

ლექსო ლაშქარავა
TV პირველი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება. ცენტრი გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და კოლეგებს უსამძიმრებს და მხარდაჭერას უცხადებს.

ორგანიზაცია 5-6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებსა და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო პასუხისმგებლობას პრემიერმინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს აკისრებს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი იმედს გამოთქვამს, რომ ოპერატორის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად ექსპერტიზა ოჯახის წევრების და საზოგადოების ნდობის დაცვით ჩატარდება.

"მომხდარი ტრაგედია კიდევ ერთხელ აჩვენებს 5 და 6 ივლისს გამოვლენილი ძალადობის სისასტიკეს და ხელისუფლების დემონსტრაციულ უპასუხისმგებლობას, რომელმაც არა მხოლოდ არ უზრუნველყო საკმარისი საპოლიციო რესურსების და სტრატეგიების გამოყენება აქციაზე მასშტაბური ძალადობის პრევენციისა და აღკვეთისთვის, არამედ პოლიტიკური განცხადებებით წაახალისა და დაუშვა კიდეც ეს ძალადობა მშვიდობიან მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე." - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ჟურნალისტებზე ძალადობის მიმდინარე გამოძიების პროცესი არაეფექტიანი ჩანს და ძალადობრივი აქციის ლიდერები თავისუფლად აგრძელებენ საინფორმაციო არხებით ძალადობრივ და აგრესიულ რიტორიკას.

"ამ დრომდე არაეფექტიანი ჩანს მიმდინარე გამოძიების პროცესიც, რომელიც ძალადობის და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ინდივიდუალურ შემთხვევებზე რეაგირებს და არაფერს აკეთებს ძალადობის ორგანიზების და ძალადობისკენ საჯაროდ მოწოდების კვალიფიკაციით გამოძიების წარმართვისთვის. ძალადობრივი აქციის ლიდერები, რომელთა ორგანიზებით თავს დაესხნენ მედიის 52 თანამშრომელს და კიდევ რამდენიმე მოქალაქეს, ამ დრომდე თავისუფლად აგრძელებენ მათი საინფორმაციო არხებით ძალადობრივ და აგრესიულ რიტორიკას. აქციიდან 5 დღის შემდეგ, გამოძიების ეს დინამიკა ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივი ჯგუფების შეწყნარების კიდევ ერთი დემონსტრაციული აქტია.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ 5-6 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენები და დღეს უკვე ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების ეს უმძიმესი და ტრაგიკული გამოცდილება ერთმნიშვნელოვნად პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.

სამწუხაროა, რომ ჩვენს რეალობაში, მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო, რომელიც ჰუმანიზმის და სოციალური მსახურების იდეით უნდა მუშაობდეს და ღვაწლს სწევდეს, მოძალადე ჯგუფების მხარეს დგას და 2013 წლის 17 მაისის ტრაგედიის შემდეგ, კვლავ ძალადობრივი აქციების ორგანიზატორად მოგვევლინა." - ნათქვამია განცხადებაში

ორგანიზაცია ლექსო ლაშქარავას საქმის ეფექტიან და გამჭვირვალე გამოძიებას, 5-6 ივლისის მოვლენების სრულყოფილ გამოძიებას და პარლამენტის მიერ 5-6 ივლისის მოვლენების შესწავლის დაწყებას ითხოვს:

  • სამართალდამცავმა ორგანოებმა ლექსო ლაშქარავას საქმეზე გამოძიება წარმართონ დროულად, ეფექტიანად და გამჭვირვალედ. ასევე, საქმის მსვლელობის ყველა ეტაპზე საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და მისი შედეგების თაობაზე;
  • 5-6 ივლისის მოვლენები სრულყოფილად იყოს გამოძიებული და უპირველეს ყოვლისა, დროულად დადგინდეს ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორთა სამართლებრივი პასუხისმგებლობა;
  • საქართველოს პარლამენტმა დაიწყოს 5-6 ივლისის მოვლენების შესწავლა და გამოიყენოს ყველა შესაძლო საპარლამენტო მექანიზმი, რათა დადგინდეს, თუ რა ტიპის პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა აქვთ ამ მოვლენებში პრემიერ-მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრს.

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  ლაშქარავას ექსპერტიზა უტარდება. 

შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ო.გ. და ც.ჩ.. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

TV პირველის ოპერატორის გარდაცვალების შემდეგ პარლამენტის წინ აქცია ჩაინიშნა

"გადადგეს მკვლელო მთავრობა" – ამ სახელწოდებით აქცია 6 საათზე გაიმართება. 

"მოვითხოვთ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომას;
2. მოვითხოვთ მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიებას;
3. მოვითხოვთ ყველა იმ მოძალადის დაკავებას და კანონის სრული სიმკაცრით დასჯას, რომლებიც ლექსოს დაესხნენ თავს!" – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები