მოლდოვა

მოლდოვაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება

მაია სანდუ, იგორ დოდონი

11 ივლისს მოლდოვაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება.  არჩევნებში მთავარი კონკურენტები პრეზიდენტ მაია სანდუს პროევროპული პარტია მოქმედება და სოლიდარობა და პრორუსული კომუნისტების და სოციალისტების საარჩევნო ბლოკია.

არჩევნებში მონაწილეობას ოცამდე პარტია იღებს, თუმცა მოსალოდნელია, რომ პარლამენტში მხოლოდ ოთხი პარტია შევა, მოქმედება და სოლიდარობა, კომუნისტების და სოციალისტების საარჩევნო ბლოკი, ევროსკეპტიკური პარტია SOR-ი და და პროევროპული პარტია ღირსების და სიმართლის პლატფორმა. ყველაზე მეტ ყურადღებას მოქმედება და სოლიდარობა და კომუნისტების და სოციალისტების ბლოკი იპყრობს.

მაია სანდუმ პრორუსი იგორ დოდონი საპრეზიდენტო არჩევნებში გასულ წელს დაამარცხა. თუმცა, 2019 წელს არჩეულ პარლამენტში სანდუს პარტიას 101-იდან მხოლოდ 15 მანდატი ჰქონდა, ხოლო დოდონის სოციალისტების პარტია პარლამენტში 37 მანდატს ფლობდა და მოკავშირეებთან ერთად 54-მანდატიან უმრავლესობის კოალიციას აკონტროლებდა.

2020 წლის აპრილში, მას შემდეგ რაც მთავრობის ჩამოყალიბების მცდელობა ორჯერ წარუმატებლად დასრულდა, მაია სანდუმ პარლამენტი დაშალა და ვადამდელი არჩევნები დაინიშნა.

მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვების და მოლდოვის პროევროპულ კურსზე დაყენების იმედი აქვს.

წინასწარი გამოკითხვებით, არჩევნებში მოქმედება და სოლიდარობა ლიდერობს. 

"ამ კვირას უნდა დავასრულოთ, რაც დავიწყეთ და გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი. ეს არის შესაძლებლობა თითოეული ჩვენგანისთვის ავირჩიოთ გულწრფელი და პასუხისმგებლობიანი ლიდერი. დროა, ქვეყანა კლანებისგან, კორუმპირებული მაღალჩინოსნებისგან და მანიპულატორებისგან გავწმინდოთ". – თქვა მაია სანდუმ არჩევნების წინ.

არჩევნებში მოქმედება და სოლიდარობის გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა, მოლდოვაში პროდასავლური რეფორმების გატარება დაიწყოს. სანდუს თქმით, მისი მთავარი მიზანი კორუფციასთან გამკლავებაა. რეფორმების გზით კორუფციასთან ბრძოლის დაწყება მოლდოვას ევროკავშირთან უფრო ახლო ურთიერთობების ჩამოყალიბებას გაუხსნის გზას.

ამჟამად ევროკავშირს მოდლოვასთვის €600-მილიონიანი დახმარების პაკეტი აქვს მზად, რომელსაც ქვეყანა იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმების გატარებას დაიწყებს.

საპირისპიროდ, არჩევნებში კომუნისტების და სოციალისტების ბლოკის გამარჯვების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ მოლდოვა ისევ რუსეთის გავლენის ქვეშ დარჩება.

კომენტარები