საქართველო-ინდოეთი

პრემიერი: ქეთევან დედოფლის ნაწილები მუდმივ მფლობელობაში გადმოგვეცა, მადლობა ინდოეთს

"ინდოეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს გადმოეცა მუდმივ მფლობელობაში, გოაში, წმ.ავგუსტინის სამონასტრო კომპლექსის ნანგრევებში გათხრების დროს აღმოჩენილი წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები, რომელიც ბატონმა მინისტრმა თავად ჩამოაბრძანა საქართველოში" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა და სუბრაჰმანიან ჯაიშანკარის ვიზიტს ისტორიული უწოდა.

"ეს გახლავთ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი სტუმრობა ჩვენს ქვეყანაში. ბატონი მინისტრი უდიდესი მისიით ჩამობრძანდა დღეს თბილისში... მე მინდა, ჩვენი მთავრობისა და ჩვენი ხალხის სახელით, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ბატონო მინისტრო, თქვენს პრემიერმინისტრს, თქვენს მთავრობას და ინდოელ ხალხს. ეს ფაქტი არის ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი, ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის. ჩვენ ამას დიდად ვაფასებთ. ჩვენ გვჯერა, რომ დღევანდელი დღე იქნება განმსაზღვრელი ჩვენი მომდევნო თანამშრომლობის, ჩვენი მეგობრობის ხალხებს შორის და მთავრობებს შორის" - მიმართა ღარიბაშვილმა სუბრაჰმანიან ჯაიშანკარს.

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ქეთევან დედოფლის ნაწილების "ერთი ნაწილი" გადაეცა.

"ჩვენ შევინახეთ და სათუთად გავუფრთხილდით საქართველოს ძალიან ძვირფას მადლს - მრავალწამებული ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს. ბუნებრივია, გასაგები იყო დიდი ინტერესი საქართველოდან, ყველა ეს წმინდა ნაწილი მუდმივ მფლობელობაში რომ გადმოსცემოდა ქვეყანას, რადგან მრავალწამებული დედოფალი ძალიან აღიარებულია თქვენს საზოგადოებაში.

ჩვენი ძალიან მჭიდრო მეგობრობის და თანამშრომლობის კონტექსტში, ამ საკითხის მნიშვნელობის გაცნობიერების საფუძველზე, ჩვენმა პრემიერმინისტრმა გადაწყვიტა, რომ წმინდა ნაწილების ერთი ნაწილი გადმოსცემოდა საქართველოს.

ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პრივილეგიაა, რომ პირადად ჩამომებრძანებინა ეს წმინდა ნაწილი და სულმოუთქმელად ველი, რომ დღეს გაიმართება ცერემონია სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ქვეყანას ოფიციალურად გადმოეცემა მრავალწამებული დედოფლის წმინდა ნაწილი. შეხვედრაზე, ასევე საქართველოს კათოლიკოსსაც ვიხილავ" - თქვა სუბრაჰმანიან ჯაიშანკარმა.

კომენტარები