აშშ-საბჭოთა კავშირი

არაყი, წყალი თუ კოკა-კოლა – ცივი ომის დროს ჟუკოვისთვის გამჭვირვალე კოკა-კოლა დაამზადეს

მარშალი გიორგი ჟუკოვი
RT

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყოფილ მოკავშირეებს, საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაუარესება ვაჭრობის შეწყვეტასაც ნიშნავდა, არ არსებობდა მიზეზი, რატომაც საბჭოთა კავშირს "იმპერიალისტურ" ძალებთან ვაჭრობა გაეგრძელებინა.

აღმოჩნდა, სახელმწიფოებს შორის ვაჭრობის შეწყვეტამ, პრობლემები შეუქმნა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ყველაზე დაფასებულ სამხედრო ლიდერს, მარშალ ჟუკოვს, წერს გამოცემა Business Insider-ი

როგორც ჩანს, მარშალ ჟუკოვს ძალიან უყვარდა კოკა-კოლა, რომელიც საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო, ჟუკოვი კი შიშობდა, რომ ასეთი ცნობილი დასავლური სასმლის დალევას შეეძლო, მისთვის პრობლემები შეექმნა. ამ პრობლემის გადასაჭრელად, კომპანიამ საგანგებოდ ჟუკოვისთვის გამჭვირვალე კოკა-კოლა დაამზადა.

მეორე მსოფლიო ომის დროს კოკა-კოლა ძალიან პოპულარული იყო ამერიკელ სამხედროებს შორის. როდესაც აშშ ომში ჩაება, კოკა-კოლის პრეზიდენტმა, რობერტ ვუდროფმა განკარგულება გასცა, რომ რადაც არ უნდა დასჯდომოდა ეს კომპანიას, ყველა ჯარისკაცისთვის, სადაც არ უნდა ყოფილიყო ის, კოკა-კოლა 5 ცენტად ყოფილიყო ხელმისაწვდომი.

გენერალმა დუაიტ ეიზენჰაუერმა (რომელიც შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტი გახდა) სამხრეთ აფრიკის ფრონტზე სამხედროებისთვის სამი მილიონი ბოთლი კოკა-კოლა შეუკვეთა, შემდეგ კი იმდენი ნედლეული, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ყოველთვიურად 6 მილიონი ბოთლი კოკა-კოლას წარმოება. მეორე მსოფლიო ომის დასასრულისთვის მოკავშირეებმა 5 მილიარდამდე ბოთლი კოკა-კოლა დალიეს.

გიორგი ჟუკოვმა კოკა-კოლა პირველად ეიზენჰაუერთან შეხვედრის დროს გასინჯა. საბჭოთა მარშალს ძალიან მოეწონა კოკა-კოლა და გარკვეული დრო მშვიდად შეეძლო საყვარელი სასმელის სმა. თუმცა, გერმანიაზე გამარჯვების შემდეგ აშშ-სა და სსრკ-ს შორის ურთიერთობებმა მკვეთრად დაიწყო გაუარესება. ჟუკოვის შიში, რომ "იმპერიალიზმის სიმბოლოს" სიყვარულისთვის შეიძლება დასჯილიყო, საფუძველს მოკლებული არ ყოფილა.

ჟუკოვმა იფიქრა, რომ თუ კოკა-კოლა გამჭვირვალე იქნებოდა და მისთვის დამახასიათებელი ფერი არ ექნებოდა, შეძლება კოკა-კოლა არყად (ან წყლად) გაესაღებინა. ჟუკოვმა თხოვნით მიმართა გენერალ მარკ უეინ კლარკს, ოკუპირებულ ავსტრიის სექტორში ამერიკის სამხედრო ძალების მეთაურს. კლარკმა თხოვნა პრეზიდენტ ტრუმანს გადასცა, ხოლო პრეზიდენტმა - ჯემს ფარლის, კოკა-კოლას ექსპორტის განყოფილების ხელმძღვანელს.

ჟუკოვისთვის გაგზავნილი კოკა-კოლა, სავარაუდოდ, ასე გამოიყურებოდა (მოდელი)

პრობლემა კომპანიის ქიმიკოსმა გადაჭრა და სასმლის გამჭვირვალე ვერსია შექმნა, მან კოკა-კოლას ინგრედიენტებიდან კარამელი ამოიღო. სასმლის სპეციალური ვერსია არამარკირებულ ბოთლებში ჩამოასხეს, იარლიყი მაგივრად თეთრი, წითელვარსკვლავიანი თავსახურები გაუკეთეს და საბჭოთა კავშირში გასაგზავნად გაამზადეს. გამჭვირვალე კოკა-კოლის 50 ყუთი ავსტრიის საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპირებულ ზონაში შეიტანეს. სხვა პროდუქციისგან განსხვავებით, გამჭვირვალე კოკა-კოლა არავის შეუმოწმებია.

ალბათ, მარშალი გიორგი ჟუკოვი ძალიან კმაყოფილი იყო, რომ მშვიდად შეეძლო საყვარელი სასმლით დატკბობა. აშშ-ს მხრიდან ამ მეგობრულ ჟესტს აშშ-სა და სსრკ-ს შორის ურთიერთობებზე გავლენა არ ჰქონია.

კომენტარები