რუსეთი

ახალი კანონით მხოლოდ რუსეთში წარმოებულ ცქრიალა ღვინოს შეიძლება ეწოდოს შამპანური

ვლადიმირ პუტინი
ფოტო: telegraph.co.uk

ახალი რუსული კანონის მიხედვით, მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე წარმოებულ ცქრიალა ღვინოს შეიძლება ეწოდოს შამპანური.  

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს საფრანგეთის მხრიდან განსაკუთრებული კრიტიკა მოჰყვა, რადგან სიტყვა შამპანური საფრანგეთის შამპანის რეგიონში ჩამოსხმულ ცქრიალა ღვინოს უკავშირდება.

ახალი რეგულაციით, რუსეთში იმპორტირებულ უცხოურ ცქრიალა ღვინოს ეტიკეტზე არ უნდა ეწეროს სიტყვა "шампанское" და აღნიშნულ ტერმინის გამოყენება მხოლოდ რუსეთში ჩამოსხმული ღვინისთვისაა ნებადართული.

ფრანგული ღვინის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა, Moët Hennessy-მ მიწოდება ერთი კვირით შეწყვიტა, რათა რუსეთის ბაზრისთვის განკუთვნილ შამპანურის ბოთლებს “ცქრიალა ღვინო“ დააწეროს.

"თქვენც შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ საფრანგეთის მთავრობის რეაქცია. სიტყვა შამპანური საფრანგეთის იმ ლამაზი რეგიონიდან მომდინარეობს, სადაც ის იწარმოება". –თქვა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ჟულიენ დენორმანდიმ.

ევროკავშირის კანონმდებლობით, საფრანგეთს სიტყვა შამპანურის გამოყენების ექსკლუზიური უფლება აქვს.

საფრანგეთი ყოველწლიურად 230 მილიონ ბოთლ შამპანურს აწარმოებს, საიდანაც თითქმის 2.5 მილიარდ ევროს გამოიმუშავებს.

რუსეთი იმპორტის სახით 50 მილიონ ლიტრ ცქრიალა ღვინოს იღებს, აქედან 13% საფრანგეთზე მოდის.

კომენტარები