უნგრეთი

RSF-მა უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი "პრესის თავისუფლების მტრების" სიაში შეიყვანა

ორგანიზაციამ რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RFS) უნგრეთის პრემიერმინისტრი "პრესის თავისუფლების მტრების" სიაში დაამატა. ორბანი პირველი ევროპელი ლიდერია, რომელიც ამ სიაში მოხვდა.

"მას შემდეგ, რაც 2010 წელს ორბანი და მისი პარტია ფიდესი ძალაუფლებაში მოვიდნენ, მათ ნაბიჯ-ნაბიჯ თავისი კონტროლის ქვეშ მოაქციეს მედია". – აცხადებს ორგანიზაცია.

ორგანიზაციის თანახმად, ორბანი "არალიბერალური დემოკრატიის თვითგამოცხადებული დამცველია". RSF-ის ცნობით, ორბანი პოლიტიკური და ეკონომიკური თაღლითობის, დისკრედიტაციისა და თვითცენზურის გზით ებრძვის მედიას და მისი "საყვარელი სამიზნე" დამოუკიდებელი მედია გამოცემებია.

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე-ს თანახმად, 2017 წლის ზაფხულის შემდეგ პრესას უნგრეთში ორბანთან დაახლოებული ბიზნესმენები ფლობენ.

"2018 წლის შემოდგომაზე თითქმის 500 პროსამთავრობო მედია კომპანია ჰოლდინგში გაერთიანდა, რათა მათი საქმიანობა ცენტრალურად კოორდინირებული ყოფილიყო". –ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში. 

RFS-ის 2021 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში უნგრეთი 180 ქვეყნიდან 92-ე ადგილზეა.

პრესის თავისუფლების მტრების სიაში ორგანიზაციამ 37 ლიდერი შეიყვანა. მათ შორის არიან ჰონგ-კონგის ლიდერი კერი ლამი, ბანგლადეშის პრემიერმინისტრი შეიხ ჰასინა, ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟიარ ბოლსონარო და საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე, მუჰამედ ბინ სალმანი.

კომენტარები