ეროვნული გამოცდები 2021

ეროვნული გამოცდები დაიწყო, ინფიცირებული აბიტურიენტები დამატებით სესიაზე გავლენ

Naec,ge

ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. 14 ივლისიდან პროცესში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ.

წელს ქვეყნის მასშტაბით 25 საგამოცდო ცენტრია მოწყობილი. გამოცდებს ჯამში 83 600 პირი აბარებს, მათ შორის 39 ათასამდე აბიტურიენტია.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის ინფორმაციით, 20-მდე აბიტურიენტი კოვიდინფექციის გამო ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე ვერ გავიდა, თუმცა, ისინი გამოცდას დამატებით სესიაზე ჩააბარებენ.

"ზუსტად 8:00 საათზე დაიწყო რეგისტრაცია პირველ სესიაზე. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 20-მდე აბიტურიენტია, ვისაც კოვიდინფექცია დაუფიქსირდა და ისინი ცალკე სესიაზე იქნებიან დაბარებული.

რაც შეეხება რეგულაციებს, შარშანდლისგან განსხვავებით, წელს აბიტურიენტებს მოუწევთ პირბადის ტარება მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში. გარდა ამისა, შარშანდლისგან განსხვავებით, წელს გვაქვს ორი სესია - დილის და შუადღის სესია. აბიტურიენტები შემობრძანდებიან, გაივლიან თერმოსკრინინგს და დეზობარიერს, დაიმუშავებენ ხელებს და ამის შემდეგ განთავსდებიან სექტორებში, სადაც არაუმეტეს 10 აბიტურიენტია. მერხები დისტანციით არის განლაგებული და თითოეული მერხის წინ განთავსებულია ფარი“, - თქვა გორგოძემ ინტერპრესნიუსის ცნობით.

კომენტარები