სასამართლო სისტემა

ოხანაშვილი: დღეს, მართლმსაჯულების სისტემა პოლიტიკისგან სრულად არის დაცლილი

პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა, დღეს, პოლიტიკისგან სრულად დაცლილია. 

ოხანაშვილი ამბობს, რომ 2012 წლამდე ნაციონალური მოძრაობა ცდილობდა სასამართლოში პოლიტიკის შეტანას და მმართველმა გუნდმა თანმიმდევრულად, სისტემური გარდაქმნების საფუძველზე, მართლმსაჯულების სისტემის დეპოლიტიზაცია შეძლო. 

"პოლიტიკისგან არის სრულად დაცლილი მართლმსაჯულების სისტემა. ისინი ცდილობენ, ოპოზიციიდან მოახდინონ ერთი მხრივ, სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობა და მეორე მხრივ, პოლიტიკა შეიტანონ მართლმსაჯულების სისტემაში. ამის საშუალებას არავინ მისცემს. ახალი კანონი მივიღეთ, რომლითაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შესრულდა და საბჭოში გასაუბრების შემდგომი პროცედურა უნდა დაეფუძნოს სწორედ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, ეს ნიშნავს, რომ უნდა მომხდარიყო ღია კენჭისყრა, უნდა მომხდარიყო სარეიტინგო ქულების მიხედვით წარმოდგენა და უნდა მომხდარიყო ორჯერ გასაჩივრების მექანიზმის ამოქმედება. ეს ყველაფერი ამოქმედდა და ახალი კანონი მივიღეთ, მანამდე არ აგვირჩევია. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა პუნქტი, რომელიც უკავშირდება შარლ მიშელის დოკუმენტს, არის შესრულებული. სად არის კითხვის ნიშნები და რომელი რეკომენდაციები არ არის შესრულებული, იქნება ვინმემ გვითხრას". - ამბობს ანრი ოხანაშვილი. 


23 ივნისს აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა ქართული ოცნების გადაწყვეტილებას მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით და პასუხად 19 აპრილის შეთანხმებიდან სასამართლოზე შეთანხმების პუნქტები გააყვითლა და ატვირთა.

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებმა დღეს, 28 ივნისს ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს. მოსამართლეები ყველას მოუწოდებენ, შეწყვიტონ "ანტისახელმწიფოებრივი" კამპანია სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა 27 ივნისს, მოსამართლეთა შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ რამდენიმე მოსამართლის აღქმაში არსებობს მოსაზრებები, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების ქმედებები არ შეესაბამება დემოკრატიულ, სამართლებრივ და სუვერენულ სახელმწიფოსთან ურთიერთობის პრინციპებს.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩები პარლამენტს შესაბამისი რეფორმების გატარებამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.


უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა გრძელდება საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციის მიუხედავად, რომ შეჩერდეს პროცესი რეფორმების გატარებამდე.

17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა. ამის არგუმენტად კი მოსამართლეთა არასაკმარის რაოდენობა მოიყვანეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, სასამართლო რეფორმის შესახებ ნაწილის ერთ-ერთი პუნქტია, რომ ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია: 

პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას.


აპრილში გამოქვეყნდა სასწრაფო დასკვნა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებთან, უზენაესი მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით.

ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაციები იყო:

  1. განიხილოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის
  2. შეჩერდეს დანიშვნის პროცედურა მანამ, სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა
  3. იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს კანდიდატებს შორის თანასწორობა, შესაძლოა, საჭირო იყოს არჩევის პროცედურის ხელახლა დაწყება 

კომენტარები