ტელერადიო ცენტრი

მთავრობა 24 რადიომაუწყებელს 1.5 მილიონამდე დავალიანებას ჩამოაწერს

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, მთავრობა 24-მდე რადიომაუწყებელს 1.5 მილიონის დავალიანებას ჩამოაწერს, რომელიც მათ საქართველოს ტელერადიო ცენტრის მიმართ აქვთ და წლის ბოლომდე მომსახურების საფასურს აპატიებს. როგორც თურნავამ თქვა, ამის მიზეზი პანდემიის შედეგად კომპანიებისთვის რეკლამისგან შემცირებული ან შეწყვეტილი შემოსავლებია.

"ვიცი, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან გაუხარდებათ რადიომაუწყებლობის კომპანიებს. მოგეხსენებათ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებობს ასეთი კომპანია - საქართველოს ტელერადიო ცენტრი, რომელიც ფლობს მთელი საქართველოს მასშტაბით ანძებს და ამ ანძების მეშვეობით ვაწვდით სიგნალს სხვადასხვა რადიო მაუწყებელს.

რამდენიმე ხნის წინ, ჩვენ და მარეგულირებელ კომისიას მიმართა 24-მდე რადიოკომპანიამ, რომლებმაც მოითხოვეს ამ ტელერადიო ცენტრის მიმართ დაგროვილი დავალიანების პატიება, რაც ახსნილი იქნა კორონავირუსის პანდემიით, შესაბამისად, მთავრობის მიერ გაზიარებულ იქნა ეს არგუმენტაცია, რადგან, მართლაც, ძირითადი შემოსავალი რადიომაუწყებლების არის რეკლამა და მოგეხსენებათ, რომ 2020 წელს შეფერხებული იყო ეკონომიკური საქმიანობა, რა თქმა უნდა, შემოსავლები მათ ამ წყაროდან შეუწყდათ ან შეუმცირდათ, აქედან გამომდინარე, მთავრობამ გაიზიარა მათი მოთხოვნა და მთლიანობაში, დაახლოებით, 1.5 მლნ ლარის დავალიანება და ასევე, წლის ბოლომდე მომსახურების საფასურის პატიება ხდება ამ 24 კომპანიის მიმართ". – თქვა თურნავამ.

კომენტარები