პალესტინა

ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრებმა ტრამპის გადაწყვეტილება დაგმეს

AP

პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ პალესტინელები აშშ-ის როგორც სამშვიდობო მოლაპარაკებების შუამავლის როლს აღარ მიიღებენ მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.

მაჰმუდ აბასმა ტრამპის გადაწყვეტილებას "დანაშაული" უწოდა, რომელიც მსოფლიო მშვიდობას აყენებს საფრთხის ქვეშ. მან გაეროს მოუწოდა სათავეში ჩაუდგნენ სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რადგან ოფიციალური ვაშინგტონი ამ მისიისათვის შესაფერისი უკვე აღარ არის.

"იერუსალიმი არის და ყოველთვის იქნება პალესტინის დედაქალაქი. დღეიდან ჩვენ არ ვაღიარებთ აშშ-ის როლს პოლიტიკურ პროცესებში იმიტომ, რომ ის მიკერძოებულია ისრაელისადმი." თქვა მან.

მაჰმუდ აბასი ისლამური კოოპერაციის ორგანიზაციის შეხვედრაზე საუბრობდა, რომელიც სტამბოლში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი, ლიბანის პრეზიდენტი მიშელ აუნი და კატარისა და ქუვეითის ემირები.

სამიტი თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გახსნა. ერდოღანმა აშშ-ის გადაწყვეტილებას პროვოკაციული "წითელი ხაზი", ხოლო ისრაელს "ტერორისტი" სახელმწიფო უწოდა.

ტრამპის გადაწყვეტილება დაგმეს იორდანიის მეფე აბდულამ და ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმაც. საუდის არაბეთისადმი მიმართულ განცხადებაში როუჰანიმ თქვა, რომ დონალდ ტრამპმა მსგავსი ნაბიჯის გადადგმა მხოლოდ იმიტომ გაბედა, რომ რეგიონის ზოგიერთი ქვეყანა ისრაელთან კავშირების დამყარებას ცდილობს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე ეგვიპტესა და საუდის არაბეთს უმაღლესი პირები არ წარმოადგენდნენ.

კომენტარები