რუსეთი

რუსეთში აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და კანადის საელჩოებმა LGBT+ დროშები გამოფინეს

აშშ-ს ელჩი ჯონ სალივანი (მარცხნივ) მონაწილეობას იღებს LGBT+ დროშის აღმართვაში
Twitter: @USEmbRu

რუსეთში აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და კანადის საელჩოებმა პრაიდის თვის აღსანიშნავად LGBT+ თემის დროშები გამოფინეს.

ასევე აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ავსტრალიის, ისლანდიის და ახალი ზელანდიის საელჩოებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და ადამიანის უფლებების, მათ შორის LGBTI+ ადამიანების უფლებების დაცვის მხარდაჭერა დაადასტურეს. 

"სამწუხაროდ, მსოფლიოში LGBTI+ ადამიანები ჯერ კიდევ დგანან ძალადობის, შევიწროების, დისკრიმინაციის წინაშე და სამართალდამცავი სისტემა ხშირად თვალს ხუჭავს სიძულვილის ენასა და სიძულვილის ნიშნით ჩადენილ დანაშაულებებზე, რომლებიც ბევრ ქვეყანაში ხშირია". – ვკითხულობთ განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთის საელჩომ საელჩოსთან ჩამოკიდებული LGBT+ დროშის ფოტო გამოაქვეყნა, აშშ-ს საელჩოს გამოქვეყნებულ ფოტოზე რუსეთში ახლად დაბრუნებული ელჩი ჯონ სალივანი ცისარტყელა დროშას კიდებს, ხოლო კანადის საელჩომ LGBT+ დროშისა და კანადის დროშის ფონზე გადაღებული თანამშრომლების ფოტო გამოაქვეყნა.

გასულ წელს კრემლმა საელჩოების მსგავსი საქციელი, LGBT+ დროშების დაკიდება, უკანონოდ შეაფასა.

რუსეთში ცისარტყელა დროშის გამოფენა იშვიათობაა. 2013 წელს "არასრულწლოვანებისთვის ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა" აიკრძალა და ქვეყანაში LGBT+ თემის მიმართ არატოლერანტული დამოკიდებულებაა.

კომენტარები