გერმანია-საქართველო

გარემოსდაცვითი პოლიტიკის გასაძლიერებლად გერმანიამ საქართველოს 24 მლნ ევრო გამოუყო

დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, კლაუს ფაიგელმა ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას "ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში", რომლის მიხედვითაც საქართველო 24 მლნ ევრომდე გრანტს მიიღებს.

ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული გრანტი ნაწილდება სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს შორის. თანხის ერთი ნაწილი მოხმარდება აჭარის სატყეო სააგენტოს შესაძლებლობების განვითარებას, მეორე ნაწილი - დაცული ტერიტორიების ხელშეწყობას, მათ შორის, რაჭასა და შიდა ქართლში ორი ახალი დაცული ტერიტორიის ჩამოყალიბებას.

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი ორ ქვეყანას შორის განვითარების სფეროში მიღწეული თანამშრომლობის ფარგლებში, ქვეყანას ეხმარება ისეთ სექტორებში, როგორიცაა: გარემო და ენერგეტიკა, მათ შორის, ენერგოეფექტიანობის მიმართულება, ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, სამოქალაქო საზოგადოება და საჯარო ადმინისტრირება.

რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა საქართველოს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული პირების სოციალური დახმარების ანაზღაურებისთვისაც გამოუყო გრანტი. 2020-2021 წლებში საქართველოს ამ მიმართულებით დახმარების სახით გამოეყო 200 მლნ ევრო, საიდანაც უკვე მიღებულია 185 მლნ.

კომენტარები