ცენზურა

ვიეტნამის კომუნისტურმა მთავრობამ სოციალური მედიის ქცევის კოდექსი დააწესა

ვიეტნამის კომუნისტურმა მთავრობამ სოციალური მედიის ქცევის კოდექსი დააწესა, რომელიც კრძალავს ისეთი პოსტების გამოქვეყნებას, რომელიც ქვეყნის კანონმდებლობას და ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. 

გარდა იმისა, რომ ქცევის კოდექსით იკრძალება სახელმწიფოსა და მთავრობის კრიტიკა, ასევე საჯარო მოხელეებს ევალებათ სოციალური პლატფორმების მომხმარებლების მონიტორინგი და, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი ზომების მიღება.  

”სოციალური მედიის მომხმარებლებს მოვუწოდებთ, ხელი შეუწყონ ვიეტნამის ბუნებრივი სილამაზის, ხალხისა და კულტურის შესახებ დადებითი ისტორიების გავრცელებას“. – წერია ქცევის კოდექსში. 

ეს ვიეტნამის მიერ სოციალურ მედიაზე აშკარა ცენზურის დაწესების პირველი შემთხვევა არ არის. კომუნისტურ მთავრობას ასეულობით პირი დაუკავებია Facebook-სა და Twitter-ზე მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი პოსტების გამოქვეყნების გამო. 

მაგალითად, დანანგის ინსტიტუტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, თრან დუქ ან სონის კომუნისტური პარტიიდან გაძევება მთავრობამ შემდეგნაირად ახსნა: "Facebook პოსტები არ შეესაბამებოდა სიმართლეს და ეწინააღმდეგებოდა პარტიის ხედვას, სახელმწიფო პოლიტიკას და კანონებს".

ექსპერტების განმარტებით, ვიეტნამში გამოხატვის თავისუფლება წლებია, შეზღუდულია, თუმცა ახალი ქცევის კოდექსით მთავრობა არა მხოლოდ მოსახლეობას დაუწესებს ცენზურას, არამედ მას სამართლებრივ ბერკეტად გამოიყენებს თავად სოციალური პლატფორმების გასაკონტროლებლად. 

კოდექსში წერია, რომ სოციალური მედიის წარმომადგენლობამ მომხმარებლების ქცევა ვიეტნამის კანონმდებლობის მიხედვით უნდა გააკონტროლოს.  

Facebook-ის, Instagram-ისა და Twitter-ის მიერ ვიეტნამის კანონმდებლობის უგულებელყოფის შემთხვევაში, მთავრობა აღნიშნული პლატფორმების აკრძალვით იმუქრება. 

Facebook-ს 60 მილიონზე მეტი ვიეტნამელი მომხმარებელი ჰყავს და კომპანია ყოველწლიურად თითქმის 1 მილიარდ დოლარ შემოსავალს იღებს ქვეყნიდან. 
 

კომენტარები