ყვითელი მიკროავტობუსები

"ვითხოვთ სამართლიან, თანაბარ შრომის პირობებს" – ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლების აქცია

თბილისში, მეტრო ახმეტელთან, ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლებმა აქცია გამართეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მიკროავტობუსის მძღოლები ასევე მოითხოვენ ავტობუსების საკუთრებაში გადაცემას, რომლებიც მათ უკვე გამოსყიდული აქვთ.

"არის კაბალური პირობები, კაბალური ხელფასები. ძალიან დაბალია ხელფასები. ჩვენი ძირითადი მოთხოვნებია ეს ყვითელი მიკროავტობუსები, რომლებიც დიდი ხანია გამოსყიდული გვყავს, ძალიან მალე, გონივრულ ვადებში გადმოგვეცეს საკუთრებაში და ასევე გადაიხედოს შრომის კოდექსი და მძღოლებს, რომლებსაც წაგვართვეს 30-წლიანი ბიზნესი და გაგვხადეს მათი მონები, შეუქმნან ნორმალური სამუშაო პირობები, ნორმალური ანაზღაურებით. როგორც ავტობუსის მძღოლებს აქვთ დაფასებული ასე თუ ისე შრომა, ასე იყოს მიკროავტობუსის მძღოლებზეც". – ამბობს აქციის მონაწილე, ერთ-ერთმა მძღოლი, ავთანდილ კაკიაშვილი.

მიკროავტობუსის მძღოლების აქციას სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძეც შეუერთდა, – "ჩვენი დათვლებით, კახა კალაძემ 43 მილიონი ლარი ამოიღო 5 ათასამდე ადამიანის ოჯახების ჯიბიდან და ჩაიდო ჯიბეში კომპანიასთან გარიგებით. ლურჯი მიკროავტობუსები იყიდა მერიამ. ეს მარშრუტკები არ გადაეცა მოიჯარეებს, გადაეცა კომპანიას, რომლისგანაც წილი მისდის პირადად კალაძეს. ეს ადამიანები ითხოვენ ძალიან მარტივ რაღაცას. პირველი, გადაუფორმდეს ყვითელი მარშრუტკები, როგორც იყო ეს შეთანხმებით გაფორმებული. მეორე, დაუბრუნდეთ ის საიჯარო უფლებები, რაც მათ ჰქონდათ. მესამე, როგორც მინიმუმ, იგივე სახელფასო პირობები ჰქონდეთ მძღოლებს, რომელიც ჰქონდათ მანამდე". – ამბობს გიორგი ვაშაძე.

კომენტარები